„სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2017- 22 წლებში საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება ყველაზე სწრაფად მთელს ევროპაში“

საერთაშორისო სავალუტო ფონდს უაღრესად პოზიტიური მოლოდინი აქვს საქართველოში ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ეკონომიკის საკითხებში ექსპერტმა, მიხეილ დუნდუამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც დუნდუამ აღნიშნა, განახლებული პროგნოზის მიხედვით , 2017-დან 2022 წლამდე პერიოდში საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება ყველაზე სწრაფად მთელს ევროპაში, შავი ზღვისპირეთსა და კავკასიაში.
„სავალუტო ფონდმა გუშინ გამოაქვეყნა ახალი პროგნოზი -2017-2022 წლის ჩათვლით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოსიც. სასიხარულოა, რომ განახლებული პროგნოზის მიხედვით, 2017-დან 2022 წლამდე პერიოდში, საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება ყველაზე სწრაფად მთელს ევროპაში, შავი ზღვისპირეთსა და კავკასიაში – ეს ეპოქალური მნიშვნელობის პროგნოზია. საუბარია იმაზე, რომ 2017-22 წლებში საქართველოს ეკონომიკა 32%-ით გაიზრდება. საშუალო წლიური ზრდის ტემპი იქნება დაახლოებით 5%, 2021-2022 წლებში – 5%-ს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს. სავალუტო ფონდი არამხოლოდ განვლილ 5 წელს აფასებს დადებითად, არამედ უაღრესად პოზიტიური მოლოდინი აქვს საქართველოში ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, შეგახსენებთ, რომ 2004-2012 წლებში საქართველო ბოლო ადგილზე იყო სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდით”, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
მანვე განმარტა, თუ რა მიმართულებებს ეყრდნობა სავალუტო ფონდი პროგნოზის გაკეთებისას. მისი თქმით, სავალუტო ფონდი იძიებს და იკვლევს მაკროეკონომიკურ გარემოს, ამ კუთხით არსებულ სტაბილურობას, სიღარიბის დაძლევის, დასაქმების ასევე ინფრასტრუქტურულ მაჩვენებელს.
„სავალუტო ფონდმა არაერთხელ გამოხატა დადებითი შეფასება მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით ასევე დადებითი შეფასება გააკეთა მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებითაც. მომავალი საბიუჯეტო პროგნოზიც აქვს გამოთქმული სავალუტო ფონდს – მთლიანი სამთავრობო დანახარჯები 2022 წლისათვის 16 მილიარდის ფარგლებში იქნება. სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა პროგნოზი მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით და პირველად, 2018 წელს სავალუტო ფონდის პროგნოზით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი გადააჭარბებს 10 ათას დოლარს. 2022 წლისათვის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი დათვლილი, მუდმივ ფასებში გადააჭარბებს 12 ათას დოლარს, ხოლო ნომინალური მაჩვენებელი, მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით დათვლილი მთლიანი შიდა პროდუქტისა, გადააჭარბებს 15 ათას დოლარს ერთ სულ მოსახლეზე“, – აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები