„ჩემი სული ახლაც სოხუმშია“ – ნანა ქარდავას ფერადი ქალაქის ნოსტალგია

დაიბად სოხუმში, იქვე დაამთავრ სკოლა და 1986 წელს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. ინსტიტუტის დამავრების შემდეგ, 9 წლის განმავლობაში  ექიმ-პედიატრად მუშაობდა. თუმცა მერე აღარ უმუშავია… წერა 90-ანი წლების ტკივილმა დააწერინა… 1996 წელს შვილი შეეძინა და გადაწყვიტა, მისთვის ეამბა აფხაზეთზე… ასე დაიწერა პირველი ნაწარმოები…
ამჟამად  11 წიგნის ავტორია, ზოგი პროზაული, ზოგიც პუბლიცისტური ჟანრისაა. თითქმის ყველა აფხაზეთის თემაზეა.  ბოლო წიგნი ,,სოხუმში, უსახელო ქუჩაზე“ წარდგენილია გიორგი შარვაშიძის სახელმწიფო პრემიაზე. – ნანა ქარდავას პერსონა.

– სკოლის პერიოდიდან მივხვდი, რომ მწერალი ვიქნებოდი. თუკი რამის ნიჭი მოგმადლა განგებამ, აუცილებლად ბავშვობიდანვე მიხვდები. პირველი კლასიდან ,,მეზღაპრეს“ მეძახდნენ, სულ რაღაც ისტორიებს ვყვებოდი და ვწერდი, ჩემს შეთხზულს, რასაკვირველია…
ბავშვობიდან ჩემს თეთრ სახლს გავიხსენებ, მოგონებებით, ბედნიერებით სავსეს, სოხუმში რომ მელოდება წინაპართა აჩრდილებთან ერთად… ფოტოზე ვნახე ჭიშკარდაჟანგებული და ჩემს მოლოდინში თვალებამოღამებული… ჩემი სული ახლაც იქაა. ვერ დავიჯერებ მის ამჟამინდელ ,,პატრონს“ იგივე განცდა ჰქონდეს ამ სახლისადმი  – იქ ხომ საკუთარი ბავშვობის ნაკვალევს ვერასოდეს ნახავს, ხომ მუდამ ეცოდინება, რომ ეს მისი სახლი არაა… მისამართი იგივეა და გვარი წაუშლია აბრიდან… ჩემი მშობლები ძალიან ახალგაზრდები წავიდნენ ამ ქვეყნიდან… საამაყონი მყავდნენ… რომ არა ომი, ახლაც მეყოლებოდნენ: უსოხუმობა გახდა მათი არყოფნის მთავარი მიზეზი…
1986 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი გახდი...
– თბილისურ სტუდენტობას დაემთხვა იმ პერიოდში ეროვნული მოძრაობის დაწყება… რუსთაველზე მიტინგებზე  დავდიოდი  იმ მიზეზით, რომ იქ მაშინ მრავალი პოეტი კითხულობდა პატრიოტულ ლექსებს და ეს განსაკუთრებით მომწონდა…
როდის დაიწყე პირველი ნაწარმოებების წერა…
– როდესაც 1996 წელს შვილი შემეძინა, მომინდა, მისთვის მეამბო სოხუმზე, აფხაზეთზე… ამ მიზეზით მოვიმარჯვე კალამი და დავწერე ,,წერილი შვილს“, რომელიც ძალიან გახმაურდა. დღესაც კი ქვეყნდება ინტერნეტით, მაგრამ რატომღაც არასოდეს არ უთითებენ ავტორს. მე მაინც მიხარია – მთავარია სათქმელი მივიდეს ადრესატამდე- ჩემი შვილების თაობამდე.
პირველი წიგნი როდის გამოვიდა და რა განცდა გქონდა?
–  პირველი წიგნი ,,ჩვეულებრივი ზღაპარი“ 1998 წელს გამოვიდა. ის გულთბილად მიიღო მკითხველმა. მწერლებმაც მაღალი შეფასება მისცეს. მაგრამ ჩემი 86 წლის ბაბუას თვალზე ცრემლი რომ შევნიშნე, სიამაყისა და მისი თაობის წინაშე განსაკუთრებული ვალდებულების გრძნობა გამიჩნდა.
11 წიგნის ავტორი ხარ. შენი ყველა წიგნი სოხუმზეა, ზოგი პროზაული, ზოგიპუბლიცისტურიროგორ იცვლებოდა შენი განცდა წიგნიდან წიგნამდე
– ყველა წიგნი ჩემი განსაკუთრებული სათქმელია, რასაც და როგორც ვფიქრობ, რაც არ მასვენებს და რაც მესიზმრება – აი, ამას ყველაფერს ვაქცევ ხოლმე მოთხრობებად, წერილებად. მგონია, რომ მწერალმა სათქმელი არ უნდა დაიტოვოს გულში, არამედ უნდა შეძლოს, სხვასაც განაცდევინოს და დაანახოს სამყარო თავისი გადმოსახედიდან… ერთი ცრემლით უფრო მდიდარი სამყარო…
გაიხსენე სოხუმიდროის გადასახედიდან როგორ შეაფასებ მაშინდელ მოვლენებსროგორია იქაურთა განწყობაროგორ უნდა დავბრუნდეთ?
– ვერაფერს გეტყვით ვერც იქაურთა განწყობა-ემოციებზე და ვერც დაბრუნების გზებს დავსახავ! მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემში ორნაირი სოხუმი ცოცხლობს დღემდე: მშვიდობიანი – ფერადი და ომიანი – შავ-თეთრი, აქედანაა ჩემი შეგრძნებების პალიტრა სიამოვნებიდან – შიშებამდე, ზეციდან – უფსკრულამდე, სიკეთიდან – ბოროტებამდე, სიყვარულიდან – სიძულვილამდე… სოხუმი კი მარადიული სილამაზის ქალაქი იყო და იქნება ყოველთვის! – ეს კი ზუსტად ვიცი…
ლიტერატურულ კონკურსები… რამდენად ობიექტურია და ხელს უწყობს ლიტერატურულ პროცესებს?
– ქვეყნად ერათადერთი პრემიაა, რომელიც მინდა რომ მქონდეს – გიორგი შარვაშიძის სახელობისაა. ეს ჩემი აკვიატება და ამბიცია სულაც არაა! ჩემი 20-წლიანი მოღვაწეობით სწორედ აფხაზეთის მიმართულებით… მე იგი დავიმსახურე! აქამდე რა კონკურსებშიც მიმიღია მონაწილეობა, ვფიქრობ, ყველაზე ობიექტური იყო რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი და არა მხოლოდ იმიტომ, რომ შარშან პრიზიორი გავხდი…
ბოლო წიგნი  – ,,სოხუმში, უსახელო ქუჩაზეწარდგენილია გიორგი შარვაშიძის სახელმწიფო პრემიაზეაქ ერთი სოხუმური ქუჩის დიდი ისტორიაა, სოხუმელი გმირები არიან გაცოცხლებულნი
– ,,სოხუმში, უსახელო ქუჩაზე“  ჩემს ქუჩას,  ჩემს იქ დარჩენილ ბავშვობას მივუძღვენი. ამიტომაც წიგნის რედაქტორიცა და მხატვარიც ( მ. ქარდავა, ა. ვეკუა) სწორედ ამ ქუჩელები არიან. ეს იყო ერთი პატარა ქუჩა, სულ 8 ოჯახი რომ ვსახლობდით და ეს იყო დიდი ქუჩა, რომელმაც საქართველოს ორი ეროვნული გმირი მისცა: ვოვა ვეკუა და გურამ გაბესკირია, ორივე მათგანს ახლოს ვიცნობდი… არ მქონდა უფლება, მათზე არ მომეყოლა…
ექიმი და მწერალი. როგორ უთავსებ ერთმანეთს?
– პროფესიის არჩევაში შევცდი. თუმცა 9 წელი ვიმუშავე ექიმად, მაგრამ ახლა უკვე დიდი ხანია ამ მიმართულებით არ ვმუშაობ. პროფესია მხოლოდ ავადმყოფობის დროს გამახსენდება და წამადგება ხოლმე.
ნაწარმოებებიდან რომელს გამოარჩევდი, რომელსაც შექმნის განსაკუთრებული ისტორია აქვს?
– ჩემი ნაწარმოებებიდან გამოვყოფდი ,,ეშა ემუხვარს“, რომელსაც მცირე რომანის ფორმა აქვს და რომელიც რეალურად არსებული ადამინის ცხოვრებას ეხება. ამ ქალბატონის გასაოცარი ისტორია მისმა ერთ-ერთმა შთამომავალმა მიამბო. ძველი ამბების მოსმენამ სათავე დაუდო ჩემს სხვა გატაცებას – ძველი ფოტოების შეგროვება დავიწყე და როდესაც ფოტოების რაოდენობამ 64-ს მიაღწია, მოვაწყე გამოფენა: ,,მეცხრამეტე საუკუნის აფხაზეთი ფოტოპორტრეტებში“, შემდეგ იმავე სახელწოდების წიგნი გამოვეცი.
აფხაზეთში ქართული ტაძრები გადაღებეს და ქართული კვალი გააქრესროგორ უნდა ვიბრძოლოთ ასეთ უმსგავსობათა აღსაკვეთად?
– მწერალმა რით უნდა იბრძოლოს? კალმით, ალბათ (უკეთეს შემთხვევაში)… თუ სამშობლოს დასჭირდა სხვა იარაღზეც არ უნდა თქვას უარი. მეც მიბრძოლია კალმით ამ მიმართულებით, ჩემი მოთხრობა ,,ესა, მესა“ ბედიის ტაძარზეა, სადაც გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე განისვენებს და რომელიც აფხაზეთში დაგვრჩა… ახლა აფხაზური მხარე ისე წარმოაჩენს საქმეს, თითქოს მათი აშენებული იყოს… არადა, ახლახან წაშალეს ქართული წარწერები და რესტავრაციაც რუს (!) სტუდენტებს მიანდეს! გულსაკლავია ეს ყველაფერი…
აფხაზეთის ხელოვანთა კავშირში მუშაობ. გვიამბე მის საქმიანობაზე
– აფხაზეთის ხელოვანთა კავშირში ლიტერატურულ მრჩევლად ვმუშაობ. ექიმობისაგან განსხვავებით, ეს მართლაც ჩემი საქმეა. მრავალ პროექტზე ვმუშაობთ. ამჯერად, დავაანონსებ მანონ ბულისკერიას პერსონალურ გამოფენას, სადაც ლექსებსაც მოვისმენთ და ამ შემოქმედის მხატვრობასაც გავეცნობით. 19 ოქტომბერს აფხაზეთის კულტურის სამინისტროში გელოდებით, უზნაძის ქუჩაზე.
ოჯახ და შვილებ
– მყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. უფროსი სტუდენტია, უმცროსი კი მოსწავლე…
სამომავლო გეგმები.
-ამჟამად რამდენიმე პროექტზე ერთდროულადს ვმუშაობ. თითქმის დავასრულე ახალი რომანი და ასევე გამოსაცემად მზადაა ლორიკ მარშანიას მოგონებების წიგნი, რომელიც ვთარგმნე რუსულიდან. ამ თვეში ასევე რამდენიმე ლიტერატურული ღონისძიების ჩატარებას ვგეგმავ, აფხაზეთის თემასთან კავშირში, რასაც დამატებით გაცნობებთ.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები