არსებული ინფორმაციით, „გორგიას“ დირექტორის გამტაცებლები ოჯახისგან 5 მილიონი დოლარის გამოძალვას გეგმავდნენ

არსებული ინფორმაციით, ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დირექტორის, გია გორგოშაძის გამტაცებლები ოჯახისგან 5 მილიონი დოლარის გამოძალვას გეგმავდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედები თავდაპირველად გია გორგოშიძესთან ერთად, მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრის გატაცებასაც აპირებდნენ, თუმცა შემდეგ გეგმა შეცვალეს.
მოქალაქის გატაცებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია წყნეთის გზატკეცილზე ჩაატარეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის მიზნით, მოქალაქე გ. გ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა განიზრახეს. განზრახვის აღსრულების მიზნით, მათ დაზარალებულის საცხოვრებელ კორპუსში ბინა წინასწარ დაიქირავეს, საიდანაც მას აკვირდებოდნენ და მისი გადაადგილების მარშრუტს სწავლობდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სამოქმედო სქემაც წინასწარ ჰქონდათ შემუშავებული. სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის მომზადების პროცესში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა, ნიღბები, მობილური ტელეფონები, წებოვანი ლენტები, ხელბორკილები, ელექტროშოკი და ე.წ. პარიკი ამოიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები