წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს სააპელაციო–საკასაციო პროცედურების დასრულების შემდეგ შეისწავლის

წმინდა სინოდი სააპელაციო პროცედურების დასრულებამდე დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ კანონიკური სამართლის ფორმატში საქმის განხილვის დაწყებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
ამის შესახებ წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის განჩინებაშია ნათქვამი.
„წმიდა სინოდმა იმსჯელა დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ. სინოდის სხდომაზე სიტყვა მიეცა ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს. წმიდა სინოდმა დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და მას მიუსაჯა ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა, დღეისთვის განაჩენი გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში; ასევე იმის გამო, რომ ამ საკითხის ირგვლივ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გამოითქმის ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები, მოცემულ ეტაპზე, ვიდრე დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის მიმართ სააპელაციო-საკასაციო პროცედურები არ არის დასრულებული, წმიდა სინოდი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად კანონიკური სამართლის ფორმატში დაიწყოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა, რაც ამ საქმის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა. შესაბამისად, წმიდა სინოდი თავს იკავებს დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საბოლოო დასკვნების გაკეთებისგან.
აღნიშნული სააპელაციო-საკასაციო პროცედურების დასრულების შემდგომ წმიდა სინოდი საეკლესიო კანონების მიხედვით საფუძვლიანად შეისწავლის საქმის არსს, რაც ეკლესიაში საბოლოო ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს“ –აღნიშნულია სინოდის სხდომის ოქმში.

ამავე ოქმში ნათქვამია, რომ საკითხზე მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს :ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები