ზურაბ პატარაძე ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს არად ბენკოს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში არად ბენკონს შეხვდა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ბოლო წლებში ჩამოყალიბებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ-საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში დადებითად შეფასდა.

ზურაბ პატარაძემ არად ბენკოს  ავსტრიის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ევროპული მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის   მადლობა გადაუხადა.  მისი თქმით, ავსტრიის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის კუთხით დადებითი დინამიკა შეინიშნება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნისა და რეგიონისთვის.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით აჭარის ტყეების მდგრადი განვითარების კვლევა ჩატარდა  და  აჭარის სატყეო სააგენტოს ინსტიტუციური განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგიული გეგმა მომზადდა. ავსტრიული კაპიტალის მონაწილეობით აჭარაში 5 კომპანია მოქმედებს.

არად ბენკომ ქალაქ ბათუმში ავსტრიის რესპუბლიკის საპატიო საკონსულოს გახსნის სურვილი და ამ საქმეში აჭარის მთავრობის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. არად ბენკოს თქმით, ავსტრიული მხარე დაინტერესებულია აჭარის რეგიონთან თანამშრომლობის ფორმატის კიდევ უფრო გაზრდითა და მეტი ერთობლივი პროექტის განხორციელებით.

არად ბენკო 1998 წლიდან ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. იყო გაეროს სპეციალური წარმომადგენლის პოლიტიკური მრჩეველი ქ. პრიშტინაში. ავსტრიის საელჩოში ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა. 2016 წლის 18 აგვისტოდან კი ავსტრიის რესპუბლიკის პირველ ელჩად დაინიშნა რეზიდენციით თბილისში, სადაც ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო ოფიციალურად 2016 წლის სექტემბერში გაიხსნა. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები