„ზალიკო უდუმაშვილის პოზიორობას და მერობისთვის „გაქაჩვას“ საკრებულო და თბილისი არ შეეწირება“
„არ შეიძლება ზალიკო უდუმაშვილის პოზიორობას და მის მერობისთვის „გაქაჩვას“ შეეწიროს თბილისის საკრებულო“, – ამის შესახებ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა, ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოება კარგად ხედავდა და ხვდებოდა თუ რას ემსახურებოდა ბოლო დღეების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი პარტიული განაყოფების წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები.
„თქვენი მთავარი მიზანი დესტრუქციაა. არ მახსოვს, თქვენ რამე სასარგებლო წინადადება წარმოგედგინათ იმის შესახებ, თუ რა სჭირდება ჩვენს ქალაქს და როგორ უნდა ვემსახუროთ მას. თქვენ აკრიტიკებთ განვითარებას, თქვენ გინდათ უძრაობა“,- მიმართა ჯაბა ჯიშკარიანმა ოპოზიციონერ კოლეგებს და აღნიშნა, რომ ვერც „ნაციონალური მოძრაობა“, ვერც „ევროპული საქართველო“ და ვერც სხვა ოპოზიციონერი კოლეგები ვერ იქნებიან ქალაქის განვითარებისა და წინსვლის მუხრუჭი.
„ჩვენ თქვენ გეჯიბრებით საქმით და გაკეთებული საქმით გაგცემთ ყოველთვის პასუხს“, – აღნიშნა ჯიშკარიანმა საკრებულოს სხდომის მსვლელობისას.