არჩილ თალაკვაძე: მხოლოდ საკრებულოა უფლებამოსილი, განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილებები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
როგორც მმართველი გუნდის ლიდერი აცხადებს, საზოგადოება კარგად ხედავს, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ოპოზიციას სერიოზული თემები არ აქვს, ამიტომ ისინი ნებისმიერი საკითხის პოლიტიკური სპეკულაციის გამოყენებას ცდილობენ.
„ახლა ვიმყოფებით წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ რეალური, სერიოზული თემები ოპოზიციას არ აქვს, ამიტომ ისინი ცდილობენ, ნებისმიერი საკითხი გამოიყენონ პოლიტიკური მიზნით, სპეკულაციის მიზნით. კანონმდებლობით, საკრებულო აირჩია ხალხმა და მხოლოდ საკრებულოა უფლებამოსილი განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილებები ამ შემთხვევაში. ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი მოვახერხებთ კონსტრუქციულ რეჟიმში განვაგრძოთ პროცესი და რა თქმა უნდა, ოპოზიციის როლი არის კრიტიკა, მომავალშიც მათი უფლება – გააკრიტიკონ იქნება დაცული, როგორც ეს ამ წლების განმავლობაში იყო, წინა ხელისუფლების მმართველობისგან განსხვავებით”, – აღნიშნა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოსთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები აქციას დილიდან მართავენ. ისინი საპატრულო პოლიციას სთხოვენ, საკრებულოს შენობაში შესვლის უფლება მისცენ, თუმცა მათ ამის საშუალებას არ აძლევენ. დედაქალაქის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები