7-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი და ავტოსადგომები – როგორი იქნება პუშკინის სკვერი (ვიდეო)
„თანაინვესტირების ფონდმა”, თბილისის საკრებულოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საინფორმაციო ვიდეორგოლები გაავრცელა.
პროექტების მიხედვით, ქალაქში თაბორის პროექტით ყველაზე დიდი სარეკრეაციო, მწვანე სივრცე შეიქმნება, რომლის ჯამური საინვესტიციო თანხა 60 მილიონი აშშ დოლარია. 40 ჰექტარ ტერიტორიაზე სარწყავი სისტემა და მწვანე საფარის მოსავლელი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
როგორც „თანაინვესტირების ფონდში” აცხადებენ, თაბორის პროექტი ბოტანიკური ბაღისგან 50 მეტრი სიმაღლის კლდით არის გამიჯნული. ხოლო, რაც შეეხება პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის პროექტს, აშენდება 7-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი, რომლის ჯამური ინვესტიცია 100 მილიონი აშშ დოლარია.
„თანაინვესტირების ფონდის” ინფორმაციით, ასევე აშენდება ავტოსადგომები, რომლებიც სულ მცირე, 160 ავტომანქანაზე იქნება გათვლილი.