„ჩვენი მზე აქ არის და ჩვენი მთვარე, და თუ გული გაქვს – გულიც აქ არის“…

      თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ქართული ლიტერატურა და თეატრი დედამ შეაყვარა. პიონერთა სასახლეში დრამწრეზე დადიოდა. 17 წლისა უკვე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, ოღონდ ეკონომიური ფაკულტეტის. შემდეგ დაოჯახდა და ორი ვაჟი შეეძინა. 20 წელია ოჯახით ნიუ-იორკში ცხოვრობს.
ნიუ-იორკის ქართველ ებრაელთა სალოცავის გამგეობისა და შემოქმედებითი გაერთიანება „თარბუთის“ პერიოდული გამოცემა „სავანეს“ რედაქტორია. მისი რედაქტორობით გამოიცა 65 ნომერი და  ქართულ-ებრაული კულტურული ურთიერთობიდან საინტერესო მასალები დაიბეჭდა.
მისი წერილები ნიუ-იორკში გამომავალ ებრაული თემის გაზეთ „დავითის ფარში“ პერიოდულად ქვეყნდება.
2014 წლის შემოდგომაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოსცა მისი წიგნი „დასაბამიდან მოაქჟამამდე“, დამხმარე სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის, რომელიც მიეძღვნა ქართულ-ებრაული ურთიერთობების 26-საუკუნოვან იუბილეს.
ხოლო ბოლოდროინდელმა ნაშრომმა „ირმიაჰუ წინასწარმეტყველის „ეხა („გოდება იერემიასი“) – თეთრ ლექსად წარმოდგენის მცდელობა“ მაღალი შეფასება დაიმსახურა.
სამომავლოდ სოლომონ ბრძენის – შელომო ჰამელეხის (მეფე შელომოს) „კოჰელეთს“ („ეკლესიასტეს“) ამზადებს გამოსაცემად.
და რაც მთავარია,
 მუდამ გული თბილისისკენ, მონატრებულ ადამიანებთან შესახვედრად მოუწევს…  – ისააკ კრიხელის პერსონა.

  – ძირძველი თბილისელების ოჯახში დავიბადე – ლესელიძის ქუჩაზე მდებარე „იტალიურ“ ეზოში. ჩემმა ბავშვობამ, სიყმაწვილემ და ახალგაზრდობამ ძველი თბილისის კოლორიტულ უბნებში გაირბინა… გვიჭირდა… სრული ათი წელი ერთოთახიან, მიწურ ბინაში ვცხოვრობდით, ავლაბარში, 84-ე საშუალო დავამთავრე. სკოლამ ძალზე ბევრი მომცა. შესანიშნავი პედაგოგები მყავდა. თითოეულ მათგანზე საათობით შემიძლია საუბარი, – დიდი მადლიერების გრძნობით. ქართული ლიტერატურა დედამ შემაყვარა (ნათელში ამყოფოს მისი სული)… ბევრი რამ ზეპირად იცოდა… ახლაც ჩამესმის მისი ნაზ-ხავერდოვანი ხმა:
„სამშობლოს ცასა, ბნელად გაშლილი
მწუხრის ზეწარი გადაეფარა,
და მთვარის შუქზედ მთებისა ჩრდილი
ალაზნის ველზედ წამოიხარა…“
თეატრიც დედამ შემაყვარა… მახსოვს, პირველად რომ წამიყვანა რუსთაველის თეატრში. თეატრის აბრაც მახსოვს: „ნიკოლოზ ბარათაშვილი“. გოგი გეგეჭკორი თამაშობდა ტატოს, – შავი ბაბთა ეკეთა თეთრ პერანგზე… მივბაძე და სკოლაში „მერანი“ წავიკითხე მხატვრულად. მოწონება დავიმსახურე.  ხშირად მაკითხებდნენ სარდაფში მოწყობილ სცენაზე, ქართული ცეკვების და სიმღერის გუნდის კონცერტებზე… „მოზარდ მაყურებელთა თეატრმაც“ სასიკეთო გავლენა იქონია ჩემი თაობის სულიერებაზე… მერე იყო პიონერთა სასახლე, – დრამწრე, ქალბატონი თამარ თეთრაძის ხელმძღვანელობით. ორი როლი შევასრულე სპექტაკლებში: „თეთრად ფრიალებს აფრაეული“ და „ვარსკვლავბიჭუნა“… წერეთელზე, „ნორჩ ტექნიკოსთა სადგურშიც“ დავდიოდი ქიმიის წრეზე, ქალბატონი კლარა უნგიაძე იყო ჩვენი მასწავლებელი, მოსკოვშიც მიგვავლინეს მე და ჩემი კლასელი კოტე მაღრაძე „დელეგატებად“ ვდნხ-ზე („ვისტავკა დოსტიჟენიი ნაროდნოვო ხოზიაისტვო“)…
12 წლის ვიყავი, როცა მამაჩემმა (ნათელი დაადგეს მის სულს) გადმომცა პატარა ბროშურა – „ებრაული კალენდარი“, რომლის გარეკანზე დაბეჭდილი იყო ებრაული ასოები და თითოეული ასოს ქვეშ თავის ხელით მიაწერა: „ალეფ“, „ბეთ“, „გიმელ“, „დალეთ“, „ჰე“, „ვავ“, „ზაინ“, „ხეთ“, „ტეთ“, „იოდ“, „ქაფ/ხაფ“, „ლამედ“, „მემ“, „ნუნ“, „სამეხ“, „(ყ)აინ“, `ფე~, „ცადი“, „კოფ“, „რეშ“, „შინ“, „თავ“ და ამ ასოთა რიცხვული მნიშვნელობებით – ,,ჰემატრიით“ დამაინტერესა. ჩემით ვისწავლე ძირითადი ლოცვანის კითხვა ებრაულად, თუმცა მათი შინაარსი (ზოგი სიტყვის გარდა) დედაენაზე – ქართულად კარგა ხანს გაუგებარი იყო… ნელ-ნელა შევეჩვიე თბილისის სინაგოგაში სიარულს.
შაბათს და სადღესასწაულო დღეებში ვისმენდი ჩვენი დიდი რაბების ქადაგებებს, თორის (მოსეს ხუთწიგნეულის) ყოველკვირეული წასაკითხი კარის კომენტარებს, ებრაელი ერის საუკუნეების ქარცეხლში გამოვლილ ისტორიას და ასე, თანდათანობით მდიდრდებოდა ჩემი ცოდნა… სკოლაშიც წარჩინებით ვსწავლობდი. 1971-ში დავამთავრე საშუალო და იმავე წელს – 17 წლის ასაკში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი…
   უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი დაამთავრეთ. სტუდენტობიდან რა იყო საინტერესო?
– საღამოს დასწრებულზე მოვხვდი (დღის დასწრებულზე ვაბარებდი და ერთი ქულა დამაკლდა). მიუხედავად ამისა, სტუდენტობა, ისევე როგორც ყველასთვის, ჩემთვისაც „ოქროს ხანა“ იყო… უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი… შესანიშნავი ლექტორები… მეგობრული, კეთილი ჯგუფელები და კურსელები… სიყვარულიც პირველივე კურსზე მეწვია: ჩემი თანაკურსელი – ლიანა ბაციაშვილი. 1972-ში დავქორწინდით. 18 წლისანი ვიყავით მაშინ… შრომითი მოწყობის ბიუროს მივაკითხე პლეხანოვის გამზირზე და ნავთლუღში, თბილისის მე-3 მექანიკურ ქარხანაში გამამწესეს მუშად… პირველი ორი კვირის ხელფასიც მახსოვს – 55 მანეთი… ლითონის სქელი ფირფიტების ფორმირების (პრესის) უზარმაზარმა დანადგარმა ჩემი მარჯვენა ხელის თითიც შეიწირა… 1973 წლის გაზაფხულზე ვაჟი შეგვეძინა – დავითი. გაილია სტუდენტობის 5 წელი, 1976-ში დავამთავრეთ და შევუყევით ცხოვრების აღმართს… 1980-ში მეორე ვაჟი შეგვეძინა – ზურა. 45 წელი შეგვისრულდა წელს ქორწინებიდან…
–  20 წელია ოჯახით ნიუიორკში ცხოვრობთ. ნიუიორკის ქართველ ებრაელთა სალოცავთან არსებულ კულტურულ-საგანმანათლებლო შემოქმედებით გაერთიანება თარბუთშიმოღვაწეობთ. გვიამბეთ ამ გაერთიანებაზე და მის საქმეებზე.
გასული საუკუნის 80-იან წლებში ნიუ-იორკის ემიგრანტულ საზოგადოებაში გამოჩნდნენ ქართველი ებრაელები – თვითმყოფობით გამორჩეული, საუკუნეების მანძილზე რელიგიურ-სულიერი ცხოვრებით გზაგამოვლილი თემის ოჯახები. მეტწილად დასახლდნენ ქვინსში – ფორესტ ჰილის და რეგო პარკის მიდამოებში. მყუდრო და თვალწარმტაც ადგილზე ააგეს „სახლი უფლისა“ – ქართველ ებრაელთა სალოცავი. 90-იან წლებში მათ რიგებს შეემატა ქართველ ებრაელ ემიგრანტთა ახალი ნაკადი. მეც, ოჯახითურთ, 1996-ში, განგებამ საქართველოდან ოკეანის გაღმა – ამერიკის მიწაზე, ნიუ-იორკ ,,სიტის“ ქვინსის ,,ბოროში“ გადმომისროლა…
ემიგრაციის სუსხი – სირთულეებით და წინააღმდეგობებით აღსავე ემიგრანტული ცხოვრების პირველი ხანები…
ისევე როგორც ყოველი ებრაელი, თავიდანვე სინაგოგას – ქვინსის ქართველ ებრაელთა სალოცავს, მშობლიურ ჯამაათს მივაშურე. სალოცავის მრევლში ბევრს ვიცნობდი და მიცნობდნენ, ბევრი – არა. გავიცანი (ნეტარხსენებული) სოსო ჯინჯიხაშვილი – ცნობილი მხატვარი-გრაფიკოსი, ფერმწერი, ლითონმქანდაკებელი, სალოცავის არქიტექტორი და დიზაინერი, რომელმაც თავის მხრივ გამაცნო ახალდაარსებული კულტურულ-საგანმანათლებლო ასოციაცია (ამჟამად – შემოქმედებითი გაერთიანება) „თარბუთის“ პრეზიდენტი უშანგი რიჟინაშვილი – ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. მიმიწვიეს „თარბუთის“ სხდომაზე და წარმადგინეს ასოციაციის წევრების წინაშე. აქ დავუახლოვდი და დავუმეგობრდი ჩვენი თემის გამოჩენილ პიროვნებებს:  ბატონებს: (ნხ.) ოთარ სეფიაშვილს, მიხეილ როკეტლიშვილს, ოთარ ჯანაშვილს, შოთა მორდეხაშვილს, (ნ-ხ.) ნისიმ ჯინჯიხაშვილს, ბორის ბუზიაშვილს, (ნხ.) ილია იოსებაშვილს, სიმონ კრიხელს, ნოდარ პარლაგაშვილს, ილია ფიჩხაძეს, მიხეილ ფიზიცკის, გერა დავარაშვილს, სოსო დავარაშვილს, გარი ბალდვინს, გერა დედიაშვილს, ალეკო სეფიაშვილს, მალხაზ დათიკაშვილს, მერაბ ხუხაშვილს, ქალბატონებს: (ნხ.) ციალა დავარაშვილს, მანანა ჯინჯიხაშვილს, ცისანა ჯანაშვილს, ლამარა ელიშაკოვს, ლიზა ეფრემაშვილს, მადლენა იაგუდაევას…
მას შემდეგ 20 წელი გამოხდა… მრავალი შესანიშნავი შემოქმედებითი შეხვედრა-საღამო, იუბილეები და ლექცია-საუბრები მახსოვს. ამ წლების განმავლობაში შემოქმედებით გაერთიანება „თარბუთს“ სათავეში ედგნენ ღირსეული პრეზიდენტები: უშანგი რიჟინაშვილი (ოჯახური პირობების გამო, ბ-ნი უშანგი მალე სხვა შტატში გადავიდა საცხოვრებლად), (ნხ.) ილია იოსებაშვილი, მიხეილ როკეტლიშვილი, (ნხ.) სოსო ჯინჯიხაშვილი, შემდგომ, კვლავ (ნხ.) ილია იოსებაშვილი.
ამჟამად „თარბუთის“ პრეზიდენტი გახლავთ ბატონი სიმონ კრიხელი – გაზეთ „დავითის ფარის“ რედაქტორი. უნდა აღინიშნოს სალოცავის რაბების – აბრაჰამ აშვილის (წიწუაშვილის) და აჰარონ ხენის (ხახიაშვილის), აგრეთვე – გამგეობის, კერძოდ – სხვადასხვა დროს მოღვაწე პრეზიდენტების: მიხეილ კრიხელის, ბენიამინ ატანელოვის, (ნხ.) რომან ზაკის, (ნხ.) იააკობ ელბერგის თანადგომა „თარბუთის“ ფუნქციონერების საქმეში.
განსაკუთრებული მადლიერების გრძნობით მინდა აღვნიშნო სალოცავის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ბ-ნი იოსებ პატარკაციშვილის მეგობრული დამოკიდებულება „თარბუთის“ ხელმძღვანელობის და წევრთა მიმართ. თითოეულმა მათგანმა უშურველად გაიღო როგორც მატერიალური, ისე მორალურ-სულიერი მხარდაჭერის საძლისი წილი ნიუ- იორკის ქართველ ებრაელთა თემის კულტურული ცხოვრებისა და თვითმყოფობის შენარჩუნების ამ საშვილიშვილო საქმისთვის.
და ბოლოს:  მწერალი-დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე, ჩვენი თემის სასიქადულო და საამაყო პიროვნება, რაბი დავით ბააზოვის შვილი, გერცელ ბააზოვი 1923 წლის სექტემბერში გაზეთ „ტრიბუნაში“ წერდა: ტფილისში თავს იყრიან საქართველოს ებრაელთა ინტელიგენციის დაფანტული ძალები და მათ მოსდით შესანიშნავი იდეა თარბუთისდაარსებისა… თარბუთიებრაული სიტყვაა და ნიშნავს კულტურას“… თარბუთი უნდა გადაიქცეს იმ ცხოველმყოფელ ნაკადად, საიდანაც საქართველოში მცხოვრებ ყოველ ებრაელს საშუალება ექნება შესვას წყარო სინათლის“…
 ეჰ, მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ ქართველი ებრაელები ცისქვეშეთის სხვადასხვა კუთხეში მიმოვიფანტებოდით, უცხო ქვეყნებშიც დაგვჭირდებოდა „თარბუთის“ შექმნა-ჩამოყალიბება. რას იზამ?! საქართველოში დაბადებული და აღზრდილი ქართველი ებრაელი ქართული ცნობიერებით „სუნთქავს“, რაღა თქმა უნდა – საკუთარი ებრაული სარწმუნოებითა და რჯულაღმსარებლობის იმ ტრადიციებით, რომლებშიც მისი წინაპრების თვით სული, ძარღვი და ტემპერამენტი ძევს. სწორედ ამისთვისაა მოწოდებული „ამერიკული „თარბუთიც“: შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა და გადავცეთ ჩვენს, უკვე ინგლისურად მოლაპარაკე და მოაზროვნე მომავალ თაობებს – თუ „ვისი გორისანი“ ვართ…
შეხვედრა-საღამოების და იუბილეების მხატვრული განყოფილების ხელმძღვანელი და თვალსაჩინო შემსრულებელი ხართ. თქვენ წარმოაჩინეთ ქართველი ებრაელი საზოგადო მოღვაწეების შემოქმედება. ფეისბუქზე ჯემალ აჯიაშვილის ფეისბუქზე ჯემალ აჯიაშვილის გვერდი გახსენით. როგორ შეაფასებთ მის მოღვაწობას?

ჯემალ აჯიაშვილი – მხატვარი ცისანა ჯანაშვილი

– ფეისბუქზე ჯგუფი „ჯემალ აჯიაშვილი“ შექმნა ბატონმა ალექსანდრე ელერდაშვილმა – ცნობილმა ირანისტმა, მთარგმნელმა, პუბლიცისტმა. მე ჯგუფის ადმინი გახლავართ.
ნეტარხსენებული ჯემალ აჯიაშვილი – გენიალური მთარგმნელი, ესსეისტი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე…
თვალწინ დამიდგა თბილისის „ერთი მსახიობის თეატრში“ (ამჟამად ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის) ნანახი სპექტაკლი, ცნობილი მსახიობის და სპორტული კომენტატორის კოტე მახარაძის მიერ მაღალპროფესიონალურად, უაღრესად დახვეწილი არტისტული გემოვნებით წარმოდგენილი პიესა-მონოლოგი „გამოიღვიძე, ქნარო“…
ეს ოცდაათი წლის წინ იყო. მანამდე კი – 70-იანი წლების მიწურულს და 80-იანის დასაწყისში?: საქართველოს ტელევიზიის ერთსაათიანი გადაცემა შუა საუკუნეების ებრაულ პოეზიაზე.
„ნიუ-იორკ ტაიმსი“, 1979 წლის 12 დეკემბერი:
„…ტელეკამერას ნელ-ნელა გადავყავდით ძველ იერუსალიმში, ერთმანეთს ენაცვლებოდა მარადიული ქალაქის ბიბლიური ხედები, ფერდობზე შეფენილი ციხე-გალავნები. შთაბეჭდილებას კიდევ უფრო აძლიერებდა ძველი ტაძრის ნანგრევები და მარკ შაგალის მიერ მოხატული ვიტრაჟები… კანტორის გალობა ერწყმოდა გოდების კედლის გამოსახულებას და ყოველივე ამის ფონზე მსახიობი ქალი ამაღელვებლად კითხულობდა XI საუკუნის ესპანეთში მცხოვრები ებრაელი პოეტის – იეჰუდა ჰალევის ლექსებს“…
შემდეგ – რუსთაველის თეატრი. გარინდებული აუდიტორია. მსმენელ-მაყურებელთა გაოცებული, გაოგნებული სახეები. სცენაზე მარტოდ იდგა ჯემალ აჯიაშვილი და ზღაპრულად ლამაზ, ზეშთაგონებულ, უხსოვარი დროიდან გამოხმობილ ქართული სიტყვის ჩუქურთმებს გვაბერტავდა, ბევრს – თითქოს უცნობს, მაგრამ რაღაცნაირად ძალზე ახლობლურს, სულშიჩამწვდომს. დინჯად, შთამბეჭდავად კითხულობდა შემუელ ჰანაგიდის, შელომო იბნ გებიროლის, მოშე იბნ ეზრას, იეჰუდა ჰალევის, აბრაჰამ იბნ ეზრას, იეჰუდა ალხარიზის, იმანუელ რომაელის – შუა საუკუნეების ებრაელი პოეტების ბრწყინვალე შედევრებს. უჩვეულო სიამოვნების ჟრუანტელი, ზეგარდმო ჰარმონიული სულიერება ავსებდა დარბაზს…
ოვაცია… „ბრავო!“… ათასი „გმადლობთ!“… სიყვარული… პატივისცემა… აღიარება…
არ ყოფილა შემთხვევა, რომ ამერიკაში ჩამოსულიყო ჯემალ აჯიაშვილი და, ჩვენი თემის სალოცავის თავკაცთა და შემოქმედებითი გაერთიანება „თარბუთის“ წევრთა თხოვნით, არ მობრძანებულიყო მშობლიურ ჯამაათთან შესახვედრად. საუბრობდა სადად, ბუნებრივად, შინაურულად და მისთვის ჩვეული მოკრძალებული ენამზეობით გადმოგვცემდა ებრაელთა ისტორიის ჟამუხსოვარ ამბებს…
ჯემალ აჯიაშვილმა უმაღლესი, გონებისმიღმიერი, იდუმალებით აღსავსე სამყარო ამ ცისქვეშეთში დაავანა… „გამოიღვიძე, ქნარო“, „შუა საუკუნეების ებრაული პოეზია“ და „ვარსკვლავთა ჩრდილში მაღალთა თანა“… ჩემთვის (და, უთუოდ, მრავალი მკითველისთვისაც) სამაგიდო წიგნებად იქცა…
– 2012 წელს დააარსეთ ლიტერატურულ-შემეცნებითი პერიოდული გამოცემა „სავანე“. თქვენი რედაქტორობით გამოიცა 65 ნომერი. რა მასალები დაიბეჭდა ქართულ-ებრაული კულტურული ურთიერთობიდან?
– ნიუ-იორკის ქართველ ებრაელთა სალოცავის გამგეობის და შემოქმედებითი გაერთიანება „თარბუთის“ პერიოდული გამოცემა „სავანე“ ადრეულ წლებში გამომავალი გამოცემის „თორა – ორ“ („თორა – სინათლე“) მემკვიდრეა და ძირითადად მოწოდებულია თორის (მოსეს ხუთწიგნეულის) ყოველკვირეული წასაკითხი თავების შინაარსის, ლექსიკური ერთეულების კომენტარების და ებრაული სიტყვების ახსნა-განმარტებების გადმოსაცემად.
გამოვეცით კრებული „კაცი, რომელიც დაგვაკლდა ყველას“, რომელიც ჩვენი სალოცავის არქიტექტორის და დიზაინერის, მხატვარ სოსო ჯინჯიხაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. 2014 წლის ოქტომბერში კი, ქართველ და ებრაელ ხალხთა 26-საუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო დღეებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოსცა „სავანეს“ 200- გვერდიანი ლიტერატურულ-შემეცნებითი ალმანახი. ოთხი თვე თავაუღებლად ვიმუშავე ამ გამოცემაზე. ალმანახი მრავალთემატურია, წარმოჩენილია ქართველი და ქართველი ებრაელი საზოგადო მოღვაწეების შემოქმედება: ოთარ სეფიაშვილი – „მიახლება მარადიულთან“, „სვეტი რწმენისა“ (წიგნიდან „ხსოვნა“ – სიმფონია: ქრონიკები და ინტერმედიები, ანუ ბედი ქართველ ებრაელთა“, „სილამაზის ტრფიალი“ (ეძღვნება მხატვარ როზა ალელაშვილის ცხოვრებას და შემოქმედებას);
ჩემი სტატიები: „წიგნთა წიგნი“, „ებრაული კალენდარი“, „ებრაული ახალი წლის – „როშ ჰაშანის“ ლოცვებიდან“, „ნაწყვეტები თანახიდან“, „სიმხათ თორის დღესასწაულის ისტორიიდან“, „ოთარ სეფიაშვილი – თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე“, „ამ სიყვარულით შევცვლით სამყაროს“, „ტკივილი“, „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“; ხაიმ ნახმან ბიალიკის ლექსი „უცხო მხარეში“ (თარგმანი აბრამ მამისთვალოვის); ამონარიდი დ-რ შ. საფრაის ნარკვევიდან „ბარ ქოხბას წერილები“ (თარგმანი თამარ მამისთვალოვ-კეზერაშვილის და ცისანა ბინიაშვილის); ნელი ზაქსი – „დავითი“, „იწერებოდა ზოჰარის სიტყვა“ (თარგმანი ჯემალ აჯიაშვილის); ჟურნალ „მამულის“ რედაქტორი მანუჩარ კაჭახიძე – „შალომიანად ბრძანდებოდეთ, ბატონო ოთარ!“, „მცხეთა (ამონარიდი); დავით კურტანიძე – „დავითის ფარი 11 წლისაა“; ჩვენი ინტელიგენციის საერთო წერილი „შთაგონებასთან ჭიდილით“ (ეძღვნება მხატვარ ცისანა ჯანაშვილის ცხოვრებას და შემოქმედებას; „სავანე“ № 22); ტიციან ტაბიძე – „ებრაული მელოდია“; გერცელ ბააზოვი – „მაკავეელი“; „შეხვედრა მხატვართან“ (მხატვარ-გრაფიკოსის და დიზაინერის სოსო დავარაშვილის ნამუშევრების ფართო ვერნისაჟი და შემოქმედებითი საღამო; „სავანე“ №21); მერაბ ხუხაშვილი – „ხუროთმოძღვარი პოეზიაში და პოეზია ხუროთმოძღვრებაში“ (ეძღვნება შოთა ბოსტანაშვილის ხსოვნას); ციალა დავარაშვილის ლექსები: „იასამანი“, „შინდის ბუჩქი თუ?“, „ჩვენს სალოცავს ნიუ იორკში“; ნოდარ ფალაგი (პარლაგაშვილი – „ღირსეული წარსული ნათელი მომავლისთვის“ (თბილისში, დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის საზეიმო გახსნის გამო); მირიან შაორშაძე – „წარსულის სურათები“ (ეძღვნება არონ მიხეილის ძე კრიხელის დაბადებიდან 100 წლისთავს); ჯანსუღ ჩარკვიანი – „გზა აღთქმული ქვეყნისაკენ“; ლამარა თელია – „სიყვარული გზად და ხიდად“ („გაუხუნარი ფურცლები“); სევარიონ ნადირაძე – ციკლიდან „ებრაული მოტივები“.
ალმანახში იხილავთ გიორგი ხუხაშვილის სონეტებს, მხატვრულ-ლიტერატურულ გვერდებს („დავითის ქნარი“, „შელომო ჰამელეხ – მეფე სოლომონი“ და სხვ.) ჩვენი გამოჩენილი მხატვრების: მორდეხ (მიშა) ჯანაშვილის, ცისანა ჯანაშვილის, რახელ (რაია) ბებერაშვილის, სიგალით-მზია აშვილის ფერწერული ტილოების ილუსტრაციების თანხლებით, აგრეთვე: ჯუმბერ ჯიშკარიანის, ივანე ჯაფარიძის, მიხეილ ფიზიცკის, თამაზ სანიკიძის, მორის დანიელოვის, შალომ დავიდის, გერშონ ბენ-ორენის, რუბენ ენოხის, შალვა წიწუაშვილის, სიმონ სიმონიშვილის, მიხეილ როკეტლიშვილის, ეთერ ფიჩხაძის, ზაირა დავარაშვილის, მანანა ჯინჯიხაშვილის, ნისიმ ჯინჯიხაშვილის, გურამ პაატაშვილის, იზა ვეფხვაძის წერილებს…
– თქვენი წერილები ხშირად ქვეყნდება გაზეთში „დავითის ფარი“. რას გაიხსენებდით?
– არა მხოლოდ ნიუ- იორკში გამომავალ ჩვენი თემის გაზეთში „დავითის ფარი“; აგრეთვე  „მოამბე“, „ერთობა“ (ისრაელი), „მენორა“, „ებრაული სამყარო“, „ჟამი ერთობისა“ (საქართველო). ასზე მეტი პუბლიცისტური წერილი… „ვინ ამოიცნობს ზრახვას უფლისას?!“, „ებრაული კალენდარი“, „რაში – თორის დიდი კომენტატორი“, „ფესახის სიმბოლოები“, „თუ დაგივიწყო, იერუშალაიმ!“, „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო“ და ა.შ. ვწერ საინფორმაციო ხასიათის წერილებსაც.
– 2014 წლის შემოდგომაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ებრაული კულტურისა და იუდაიკის კაბინეტის თაოსნობით, გამოსცა თქვენი წიგნი „დასაბამიდან მოაქჟამამდე“, დამხმარე სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის, რომელიც მიეძღვნა ქართულ-ებრაული ურთიერთობების 26-საუკუნოვან იუბილეს. გვიამბეთ ამ წიგნის შექმნის მიზანზე; როგორ მუშაობდით?
 2009 წელს ჩვენს სალოცავში ჩავატარე ორი ლექცია-საუბარი: „ალეფ-ბეთ“ – ებრაული დამწერლობის არსის განჭვრეტა კაბალის მოძღვრების მიხედვით“ და „თორის პირველი წიგნის პირველი კარის „ბერეშით“ („დაბადება“ ანუ „შესაქმი“) კომენტარები“. ლექციებს ესწრებოდა ბატონი ბენი ატანელოვი – ჩვენი სალოცავის ყოფილი პრეზიდენტი. შემომთავაზა ამ ლექციების წიგნად გამოცემის სპონსორობა. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი და მეორე დღიდანვე შევუდექი საქმეს. პირველ ყოვლისა წიგნის სახელწოდება შევარჩიე – „დასაბამიდან მოაქჟამამდე“. რედაქტორობა ბ-ნ ოთარ სეფიაშვილს ვთხოვე. მან კიდევ ერთხელ ჩაიკითხა წიგნად შეკრული ნაცნობი პუბლიკაციები და ჩვეული ოსტატობით „გამოაცხო“ „რედაქტორის წინათქმა“.
არასდროს დამავიწყდება რაოდენ დიდი ამაგი დასდო ბატონმა სოსო ჯინჯიხაშვილმა ჩემი წიგნის გამოცემას. იმჟამად, 2009-ში, იგი ხელმძღვანელობდა ჩვენს შემოქმედებით გაერთიანებას. წიგნის გარეკანისთვის ჩვენი სალოცავის ვიტრაჟის ილუსტრაციაზე კარგი რა იქნებოდა და ნებართვისათვის დავურეკე. თურმე თვითონაც იგივე აზრი გასჩენია, მაგრამ ვიდრე ჩემგან არ გაიგო, – არ მითხრა. ორიოდ კვირის შემდეგ ბ-ნი ბენი, ბ-ნი სოსო და მე ჟურნალ „დრუჟბას“ რედაქციაში ვიჯექით. ბ-ნ სოსოს ყველა იცნობდა და დიდი პატივით მიგვიღეს. რამდენიმე დღის განმავლობაში საათობით ეჯდა გვერდში დიზაინერ-პროგრამისტს და კომპიუტერში ფერებს არჩევდა; სტამბაშიც გამომყვა ანაწყობის შესამოწმებლად. როშ ჰაშანის – ებრაული ახალი წლის წინა დღეს მივიტანეთ ჩვენს სალოცავში მთელი ტირაჟი. ნაწილი ისრაელში და საქართველოში გააგზავნა. მერე, მასთან საუბრისას, ამ წიგნს „ჩვენს წიგნს“ ვუწოდებდი. გაიღიმებდა და მომიგებდა: – შენია, შენი და ვინც წაიკითხავს და შეიცნობს მასში ჩაბუდებულ სიბრძნეს, ყველას სიკეთეში მოახმაროსო… მართლაც „ჩვენი წიგნია“, ჩვენი – სამშობლო(ებ)ს მოწყვეტილი, ამერიკის მიწაწყალზე მცხოვრები ქართველ ებრაელთა ჯამაათისა…
ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის 2014 წელი. ვერც წარმოვიდგენდი, ასე თუ დაინტერესდებოდა ჩემი მოკრძალებული შემოქმედებით ჩემი მშობლიური უნივერსიტეტი, ქართველი და ქართველი ებრაელი ინტელიგენცია. ჯერ იყო და _ ბატონმა ივანე ჯაფარიძემ მიმიწვია მის საავტორო რადიოგადაცემაში „ჩვენი საგანძური“. ივლისის ცხელ, პაპანაქება დღეებში შემართებით და ენთუზიაზმით ამომიდგნენ მხარში ჩემი მეგობრები: ქალბატონები: ზაირა დავარაშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის ებრაელთა სათემო სახლთან არსებული კლუბის „26 საუკუნე“ დიასახლისი; იზა ვეფხვაძე – ხარაგაულის რევაზ თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი, ხელმძღვანელი, მსახიობი; ბატონები: ერეკლე საღლიანი – მწერალი, პოეტი, მსახიობი; გიორგი მელუა – მხატვარი, პოეტი; სევარიონ (სოსო) ნადირაძე – მწერალი, პოეტი. ერთი საათის განმავლობაში ვსაუბრობდით ქართულ-ებრაულ ურთიერთობებზე, მხატვრულად წავიკითხეთ ჩემი ბოლოდროინდელი ნაშრომი „გოდება იერემიასი“ – თეთრ ლექსად წარმოდგენის მცდელობა“. დიდებული რადიოგადაცემა გამოგვივიდა. ამ შეხვედრებისას გადმომცა ბატონმა ვანომ თქვენი შესანიშნავი ჟურნალ „ანეულის“ პირველი ნომრის და „ქართული მწერლობის“ რამდენიმე ეგზემპლარი ქალბატონ ცისანა ჯანაშვილისთვის გადასაცემად ნიუ -იორკში…
ბატონი თემურ მდინარაძის რჩევით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავიცანი ებრაული კულტურისა და იუდაიკის კაბინეტის, „ისრაელის ცენტრის“ ხელმძღვანელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ბატონი გურამ ლორთქიფანიძე – უაღრესად კეთილშობილი, გულთბილი პიროვნება, ებრაული კულტურის დამფასებელი და მოამაგე. წარვუდგინე ჩემი ნაშრომები: „დასაბამიდან მოაქჟამამდე“ (ლიტერატურულ შემეცნებითი ნარკვევები. გადამუშავებული და შევსებული მეორე გამოცემა) და „გოდება იერემიასი“ – თეთრ ლექსად წარმოდგენის მცდელობა“. ერთი კვირის შემდეგ ბატონმა გურამმა ტელეფონით მაცნობა, რომ მან და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მოიწონა ორივე ნაშრომი და რეკომენდებულია გამოიცეს ერთ წიგნად, – როგორც დამხმარე სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2014 წელი გამოცხადებული იყო ქართველ და ებრაელ ხალხთა 26-საუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო წლად. 20-22 ოქტომბერს კი თბილისში ტარდებოდა საიუბილეო-საზეიმო ღონისძიებები. გამოცემაც, ბატონი გურამ ლორთქიფანიძის შესანიშნავი წინათქმით, ამ იუბილეს მივუძღვენი. როგორც პირველი (ნიუ-იორკი, 2009), ასევე მეორე გამოცემის (თბილისი, 2014) რედაქტორი ბატონი ოთარ სეფიაშვილი გახლდათ, ხოლო მხატვარი ბატონი სოსო ჯინჯიხაშვილი. წიგნის გარეკანზე უცვლელად დავტოვე ნიუ-იორკის ქართველ ებრაელთა სალოცავის ვიტრაჟის „თორა – ორ“ – „თორა – სინათლე“ ილუსტრაცია – ბატონი სოსოს ბრწყინვალე ნააზრევ-ნახელქმნარი, თაჯი და გვირგვინი მისი დიდებული შემოქმედებისა.
ჩემმა უფროსმა მეგობარმა, ბატონმა გურამ პაატაშვილმა უნივერსიტეტის კანცელარიაში დაარეგისტრირა გამოცემა, განთავსდა უნივერსიტეტის და ეროვნული პარლამენტის ბიბლიოთეკებში. ნაშრომის შეფასებისა და პოპულარიზაციისთვის დიდად მადლიერი ვარ ქალბატონი თამარ მახარაშვილის, ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილის და ბატონი გივი ღამბაშიძის. სწორედ მათი წარდგინებით და რეკომენდაციით მოხდა ჩემი – როგორც მკვლევარი-პუბლიცისტის – მიწვევა საქართველოს მთავრობის მიერ ქართველ და ებრაელ ხალხთა მეგობრობის 26-საუკუნოვან იუბილეზე. წიგნის პრეზენტაცია, ბევრ სხვა ახალ წინებთან ერთად, შედგა დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიის განახლებულ მუზეუმში, სამეცნიერო კონფერენციაზე „თბილისი – იერუსალიმი 3“, რომელსაც ხელმძღვანელობდა მუზეუმის დირექტორი ბ-ნი გივი ღამბაშიძე.
–   თქვენმა ბოლოდროინდელმა ნაშრომმა „ირმიაჰუ წინასწარმეტყველის „ეხა („გოდება იერემიასი“)  – თეთრ ლექსად წარმოდგენის მცდელობა“ მაღალი შეფასება დაიმსახურა. თქვენს ვრცელ ლიტერატურულ-შემეცნებით კომპოზიციაში „თუ დაგივიწყო იერუშალაიმ!“ ცენტრალურ ადგილს სწორედ „გოდება იერემიასი“ იკავებს. როგორ შეიქმნა ეს ნაშრომი?
უთუოდ დიდი საქმე აღასრულეს თავის დროზე ნეტარხსენებულმა ნისან ბაბალიკაშვილმა და ამჟამად იერუსალიმში მცხოვრებმა და მოღვაწემ ბატონმა გერშონ ბენ ორენმა (წიწუაშვილმა) – თანამედროვე ქართულ ენაზე სიტყვასიტყვით თარგმნეს „თანახის“  შესანიშნავი წიგნი „ეხა“ („გოდება იერემიასი“). ჩემი სიყმაწვილედან მოყოლებული, ყოველ წელს, პირველი და მეორე ტაძრის იავარქმნის გამო აღსანიშნავ სამგლოვიარო 9 აბის დღეს, თბილისის და შემდგომ ნიუ -იორკის სინაგოგებში ვისმენდი და ორიგინალში ვკითხულობდი ამ ნაწარმოებს (პირველი ტაძრის დანგრევიდან და – შესაბამისად – იერემია წინასწარმეტყველის ამ გოდებიდან წლეულს 2603 წელი გასრულდა); და ყოველთვის მიჩნდებოდა სურვილი – ქართულ ენაზეც გვქონოდა, – ისეთივე რიტმით და „მუსიკალობით“, რაც ასე ძალუმად იგრძნობა ებრაულ ენაზე წაკითხისას. ზემოთ ხსენებული თარგმანების და ლექსიკონის დახმარებით, შეძლებისდაგვარად ჩავწვდი თითოეული სიტყვის არსს.
მრავალთვიანი რუდუნების შემდეგ, ჩემი ჩანაფიქრი გავუმხილე და პირველი თავი წავუკითხე აწ განსვენებულ ოთარ სეფიაშვილს. ისე მიკიჟინა, რომ – თხოვნას ვინ დაეძებს – კატეგორიულად მომთხოვა ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. მახსოვს მისი სიტყვები: – შენ ჯერ კიდევ არ იცი, რა გააკეთე მომავალი თაობებისთვისო. რა თქმა უნდა, გადაჭარბებულად მეჩვენა ეს შექება, მაგრამ მერე, როცა ისრაელში მცხოვრებმა და მოღვაწე დიდმა მეცნიერმა, ქალბატონმა თამარ მამისთვალოვ-კეზერაშვილმა, ჩვენმა მთავარმა რაბიმ აბრაჰამ წიწუაშვილმა და ჩემმა უფროსმა მეგობარმა, ფრიად იერუდირებულმა, „თანახის“ და ებრაელთა ისტორიის მცოდნემ, ბატონმა ნოდარ ფალაგმა (პარლაგაშვილმა) მომიწონეს, სასარგებლო რჩევები მომცეს, – გავასრულე ხუთივე ელეგია. უკვე ხუთი წელია, რაც თბილისის და ნიუ- იორკის ქართველ ებრაელთა სალოცავებში ტრადიციად იქცა „ეხას“ წაკითხვა ებრაულ და ქართულ ენებზე (თითო თავი მონაცვლეობით). ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო ის იყო, რომ ჯამათის წევრები მადლობას მიხდიდნენ და მეუბნებოდნენ – ახლა გავიგეთ ამ წიგნის შინაარსი და დანიშნულებაო. მოგეხსენებათ, ქართველი ებრაელების დედაენა ქართულია და ბევრისთვის ებრაული ოდენ სამლოცველო ენაა…
წელს თბილისში გამოიცა „პოეტური თარგმანის ანთოლოგია“. წიგნის შემდგენელმა, ბატონმა ალექსანდრე ელერდაშვილმა ჩემი „ეხა („გოდება იერემიასი“) – თეთრ ლექსად წარმოდგენის მცდელობა“ ამ დიდებულ კრებულში შეიტანა, რისთვისაც დიდად მადლიერი ვარ.
–  როგორ მოჩანს თბილისი შორიდან? რას შეცვლიდით, თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული? გვიამბეთ თქვენი მეგობრების შესახებ…
– ამ შეკითხვის წაკითხვისთანავე ჯერ გოგი დოლიძის ხმა ჩამესმა: „თბილისი იყო ურთიერთობა, თბილისი არის ურთიერთობა, და კვლავ იქნება ურთიერთობა კეთილშობილთა ყრმათა“…  – კომპოზიტორ ზურაბ მჟავიას სიმღერიდან მორის ფოცხიშვილის ლექსზე, მერე – გაბრიელის სიტყვები სულმნათი ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობიდან“: „…ჩვენი აკვანი საქართველოა, ჩვენი მამა-პაპის საფლავი საქართველოა, ჩვენის ენის ქვეყანა ეს არის, ჩვენის სიტყვა-პასუხის გამგონი ეს არის, ჩვენი მზე აქ არის და ჩვენი მთვარე, და თუ გული გაქვს – გულიც აქ არის“…
დიახ, ოდენ მიწა-წყალი როდია სამშობლო… სამშობლო – ადამიანებია! თბილისი – ჩემი მამაპაპის და ჩემი მშობლების საფლავები, ჩემი ახლობლები და საძმო-სამეგობრო!..
სიტყვა „მეგობარი“ და მეგობრობის გრძნობა საკმაოდ ადრეულ ასაკში გავითავისე. ავლაბარში, ხიდისთავის II შეს. | №10-ში ცხოვრობს ძირძველი ავლაბრელების – ჩახნაშვილების და ჭიაურელების შთამომავლების დიდებული ოჯახი. ამ ოჯახში შევფიცეთ ძმობა მე და ჩემმა კლასელმა ვანო ჩახნაშვილმა. მეხუთე კლასში ვიყავით მაშინ (პირველი კლასიდან ერთ მერხზე ვისხედით). სამაგალითო ძმები ვიყავით…
დიდობაში, 70-80-იან წლებში, მრავლად შემოგვემატნენ მეგობრები…   როგორი ერთგულები ვიყავით… ახლობელ-ნაცნობები ჩვენს საძმაკაცოს „მეგობრობის აკადემიას“ ეძახდნენ… მერე, 1987-დან, დავიფანტენით… ისრაელი… ამერიკა… მაინც ვახერხებდით ურთიერთობას და დროდადრო ერთმანეთის მონახულებას…
პირველმა ვანო ჩახნაშვილმა „გვიღალატა“, ჩვენი სამეგობროს თავკაცმა, 1999-ში… 2003-ში ალბერტ კაკიაშვილი და ბიჭიკო ხუხაშვილი გაუყვნენ მარადიული სამყაროს გზებს… 2012-ში – ჩემი მეორე ძმადნაფიცი ავთო ქებაძე… ნათელი დაადგეს მათ სულებს! ცოცხლებს – დიდხანს სიცოცხლე და დღეგრძელობა!
ვანო ჩახნაშვილის მამა – ჩვენი საძმოს დიდი მოძღვარი – შალვა ივანე-ზაქარიას ძე და დედა – ქეთევან ისაკის ასული ჭიაურელი (აცხონოთ ღმერთმა) ჩემს მეხსიერებაში დღემდე რჩებიან ქართველი ერის განსახიერებებად. მე მათ ღვიძლი შვილივით ვუყვარდი, ისევე როგორც ნეტარხსენებულ დედაჩემს ვანო. ჩემმა დამ ღვიძლი ძმასავით დაიტირა ვანო ჩახნაშვილი… ვანოს დები – მანანა და ოლიკო – საკუთარ დასავით მიყვარს…
ამ სტუმართმოყვარე, პურ-მარილით განთქმულ ოჯახში გავიცანი დიდებული პიროვნებები, თამადა-მასწავლებლები – გივი ნესტორის ძე ჩხეიძე და გურამ ბიქტორის ძე მეტრეველი. ბევრი, ძალზე ბევრი სასიკეთო რამ ვისწავლე მათგან…
ვანო ჩახნაშვილის მეუღლე გახლავთ ნანა ქებაძე, რომელიც, სამწუხაროდ, 44 წლის ასაკში დაქვრივდა და დღემდე (აგერ, უკვე 18 წელია) მეუღლის ერთგული დარჩა. მათი შვილები: ქეთინო, მაკა და ნინო დღეს – ცხოვრების დიდ ასპარეზზე – წარმატებული ახალგაზრდები არიან. მაკა ჩახნაშვილი ცნობილი ჩოგბურთელია, საფრანგეთში და იტალიაში მოღვაწეობს და საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა კაპიტანია. მიხარია, რომ ამ ოჯახში კვლავ ისმის სახელი „ვანო“, „ვანიკო“ – უფროსი ქალიშვილის მეუღლე, პროფესიით ექიმი, ღირსეული პიროვნება ივანე (ვანო) კაპანაძეა. ჰყავთ სამი ვაჟიშვილი: გიორგი, დემეტრე და თომა.
ასეთივე თბილი ურთიერთობა მაქვს ჩემს ქებაძეებთან…
ასე, რომ ამ დიდი ოჯახების უკეთილშობილესი პიროვნებები ჩემთვის ახლობელი და საფიცარი ადამიანები არიან.
ამიტომაც მომიწევს მუდამ გული სამშობლოსკენ მონატრებულ ადამიანებთან შესახვედრად… და როცა თბილისიდან ნიუ -იორკისკენ გამოვეშურები ხოლმე,  ემიგრანტული ცხოვრების ორი ათეული წლის მიუხედავად, მაინც ვერ ვამბობ – სახლში დავბრუნდი-მეთქი… დაბრუნებით – სამშობლოში ბრუნდებიან!..
ასეთი თბილი თბილისი მიყვარს და ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, სწორედ ბოლო ხანებში „გაციებულ“ და „გათოშილ“ ადამიანურ ურთიერთობებს შევცვლიდი…
გვიამბეთ ამერიკაში მოღვაწე ქართველ ებრაელებზე. როგორ გესახებათ ქართულ-ებრაული ურთიერთობის განვითარების გზა?
– ამ თემებზე საკმაოდ ვრცელი წერილები მაქვს მზად და პერიოდულად მოგაწვდით…
გაზეთ „დავითის ფარის“ ინტერნეტსაიტზე (davidsshield.net) და სოციალურ ქსელის ფეისბუქჯგუფებში „Tarbut“ და „ჯემალ აჯიაშვილი“ განთავსებულია ქართველ ებრაელ მოღვაწეთა (მწერლების, პოეტების, მხატვრების) შემოქმედების ამსახველი მასალები, რომლებიც თავისუფლად შეუძლია იხილოს დაინტერესებულმა  მკითხველმა.
–  ლექსებს წერთ?
– უამისობა როგორ იქნება?!.. წელს კიდევ ერთი შესანიშნავი წიგნი გამოიცა ისრაელში – „ქართველ ებრაელთა პოეზიის ანთოლოგია“, რომლის პრეზენტაცია საქართველოს ქალაქებშიც გაიმართა. ამ თემაზეც ვწერ საგაზეთო სტატიას და თქვენც სიამოვნებით მოგაწვდით. ანთოლოგიაში შევიდა ჩემი ორი ლექსი: „ფიქრები“ და „ნოსტალგია“:

ფიქრები

თორის მარადიულობისა და მისი ყოველწლიური კითხვის უწყვეტ ციკლზე საუბრობდა რაბი აბრაჰამი… სალოცავიდან შინ მისულს, მუზამ კალამი ამაღებინა. დაე, ეს სითამამე მკითხველმა ჩემი ერის უსაზღვრო სიყვარულში მიმითვალოს.

გასრულდა თორის ბოლო ფრაზა და…
და კვლავ თავიდან იწყება იქვე:
უფლის ბრძანებით – ადამ და ევა
ედემის ბაღში მოდიან ისევ.

ქვეწარმავალი აცდუნებს ევას…
და ისევ მოკლავს კაენი აბელს,
ნოე კი კვლავაც შეკრავს კიდობანს –
წყვდიადის შემდეგ იხილავს ნათელს.

მამა აბრამი დალეწავს კერპებს,                
უხმობს უფალი სიზმრად და ცხადად,
(გამოცდა ისევ მრავალჯერ ნაცადს?!)
გაიხლართება ბარდებში ვერძი –
შესწირავს მსხვერპლად იცხაკის ნაცვლად.

ანგელოზთ დასის ისმის გალობა,
ხარობს ბუნება გალაღებული,
დედის მუცელში ბორგავს იაკობ –
ესავის ქუსლზე მოჭიდებული;

იბრძვის და იღწვის პირმშოობისთვის,
მოზიდული აქვს ხმალი და ფარი,
(კურთხევა მამის არის მთავარი!)
ურყევ საფუძველს უქმნის ისრაელს
თორმეტი ტომის მამამთავარი.

ძმები იოსებს ისევ ყიდიან,
მამა კვლავ თავზე დაიყრის ნაცარს…
(ვინ ამოიცნობს ზრახვას უფლისას?!)
და გამგებელი მიცრაიმისა
გამოიზოგებს მარცვალს პურისას.

ისრაელი კვლავ ჩადის ეგვიპტეს,
დღენი რბიან და წელი წელს მისდევს…
სული უტეხი მონობას უძლებს –
დაიხსნის მოშე იოსების ძვლებს.

სასწაულების იწყება ხანა,
უფლის შველამაც არ დაახანა:
ზღვა – განდაგანა, სალი – წყაროს წყლად,
ხორცად – მწყერი და ციური მანა.

… და გახელება უფიცხელესი –
მოშე კვლავ ამსხვრევს მცნებების დაფებს,
გონარეული ხალხი ქედს იდრეკს,
რჩეული ერი ცხარე ცრემლს აფრქვევს.

ალმურავარდნილ უდაბნოში კვლავ
მიდის, მიჰყვება სვეტი ნათლისა…
(დღისით – ღრუბლისა, ღამით – ცეცხლისა)
და აღთქმულ მიწას ეპატრონება
ერი – ტანჯული ისრაელისა!

ნოსტალგია
მალე მაისი მოვა
და აფეთქდება ვარდი,
ჩამოვიბერტყო მინდა
სევდა, ბოღმა და დარდი…

ისევ თბილისი მიხმობს
და მოფერებას ითხოვს
ემიგრანტული ყოფა
რამდენიმე დღეს მითმობს…

მომნატრებია როგორ
ჯამში ელვარე ღვინო,
ჩემი ქალაქი მელის,
იქ უნდა მოვილხინო!

 – სამომავლო გეგმები?
 – სოლომონ ბრძენის – შელომო ჰამელეხის (მეფე შელომოს) „კოჰელეთს“ („ეკლესიასტეს“) შევეჭიდე. ესეც „თეთრ ლექსად წარმოდგენის მცდელობა“ იქნება. პირველი სამი თავი მზად მაქვს უკვე (სულ 12 თავისგან შედგება). ჭაშნიკად პირველ თავს შემოგთავაზებთ:
1. სიტყვანი კოჰელეთისა, ძისა დავიდისა, იერუშალაიმის მეფისა.
2. ამაოება ამაოებათა – თქვა კოჰელეთმა – ამაოება ამაოებათა, ყველაფერი ამაოა.
3. ადამიანს რას ჰმატებს შრომა, რომელსაც იგი მზის ქვეშ ეწევა?
4. თაობა მიდის… თაობა მოდის… ეს ქვეყანა კი უცვლელია უკუნისამდე.
5. მზე ამოვიდა… და მზე ჩავიდა… მიიქცა თავის ადგილისაკენ… და კვლავ იქიდან ამობრწყინდება.
6. მიჰქრის ქარი სამხრეთისაკენ… გაბრუნდება ჩრდილოეთისკენ… ბრუნავს… ტრიალებს… მიჰქრის ქარი… და უბრუნდება ისევ თავის წრეს.
7. ყველა მდინარე ზღვებისაკენ მიედინება, ზღვა კი მაინც არ აღივსება; მოაქჟამამდე საითკენაც იყო დინება – ყველა მდინარე კვლავ იქითკენ მიედინება.
8. უძლურია ყოველი სიტყვა; არ ძალუძს არვის თქმა ყველაფრისა; თვალი ცქერით ვერ გაძღება და ყური სმენით ვერ აღივსება.
9. რაიც ყოფილა – იგივ იქნება, და რაც მომხდარა – იგივ მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი.
10. ნახავენ რასმე და იტყვიან: – აჰა, ახალი!.. ესეც ყოფილა ჩვენს წინარე საუკუნეში.
11. არ დარჩენილა ხსოვნა მათი, ვინც წინათ იყო; და მომდევნოთაც, ვინც იქნებიან, არ გაიხსენებს მათი მიმყოლი.
12. მე, კოჰელეთი, მეფე ვიყავ ისრაელისა იერუშალაიმს.
13. ვიწყე კვლევა გულმოდგინებით, გონებით განსჯა ყოველივესი, რაც ცის ქვეშ ხდება; ეს ავი საქმე მიუჩინა სატანჯველად ადამიანებს უფალმა ღმერთმა.
14. განვიცადე გარჯა ყოველი, რაც მზის ქვეშ ხდება; და აჰა, ვცანი – ამაო არის ყველაფერი და ქარის დევნა.
15. გამრუდებულს ვეღარ გამართავ, რაც ნაკლულია – ვეღარ შეძლებ იმის შევსებას.
16. გულში ვამბობდი: – ჰა, მოვიპოვე და განვიმრავლე ცოდნა ყოველთა უპირატესად, ვინც არსებულა ჩემს უწინარეს იერუშალაიმს. და ეზიარა გონება ჩემი განუზომელ სიბრძნეს და ცოდნას.
17. როცა მივაპყარ გულისყური – შევიცან სიბრძნე, მეცნიერება, უმეცრება და სისულელე, – მივხვდი, რომ ესეც უაზრობაა.
18. რამეთუ – როცა დიდია სიბრძნე, დარდიც დიდია; ოდენ წუხილის მატებაა მრავლის შეცნობა.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები