ნაცემმა ცოლმა ყოფილი ქმრის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა, თუმცა სასამართლომ მამაკაცი დამნაშავედ ცნო – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში და სასამართლოს განაჩენის შეუსრულებლობაში ბრალდებული, განზრახ დანაშაულის ჩადენისთვის, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ს. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა შ.მ.-მ სასამართლოში უარი განაცხადა თავისი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 17 მარტს, დაახლოებით 21:40 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ნ.ს.-მ ქ. თბილისში, ვარკეთილის მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ შ.მ.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, სცემა მას და ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანება მიაყენა. ნ.ს.-ს დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა. სასამართლო პროცესზე ასევე დადასტურდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის განაჩენით ნ.ს.-ს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეეზღუდა, მიუხედავად ამისა იგი 17 მარტს „მიცუბიში პაჯერო იო“-ს მარკის ავტომანქანას მართავდა. სამართალდამცველებმა ნ.ს. იმავე დღეს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს განაჩენის შეუსრულებლობა) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, -აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები