„მართლმადიდებელ ეკლესიას უფრო მეტი ქონება სჭირდება, უფრო მეტი დაკარგა წარსულ წლებში და შესაბამისად, უფრო მეტიც უნდა მიიღოს”

პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო არის სამართალმემკვიდრე იმ სახელმწიფოსი, რომლის დროს ეკლესიამ უზარმაზარი და განუსაზღვრელი რაოდენობის ქონება დაკარგა, ამიტომ, ნურავის ნუ უკვირს, როდესაც სახელმწიფოსგან ეკლესია იღებს ქონებას.

კერძოდ, საუბარია იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვით 2016-2017 წლებში სახელმწიფომ 28-ჯერ 1 ლარად, დაუსაბუთებლად გადასცა საპატრიარქოს გარკვეული მიწის ნაკვეთები. მამა მიქაელის განმარტებით, ფაქტობრივად, მიწის ნაკვეთს საპატრიარქო არ ითხოვს, თუ მასზე ეკლესიის მშენებლობა არ არის გამიზნული. რაც შეეხება ამორტიზებულ შენობებს და სხვა ქონებას, რომელსაც სახელმწიფო აძლევს ეკლესიას, ეს ეკლესიას ინფრასტრუქტურისთვის სჭირდება. როგორც დეკანოზმა, მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დომინანტია, რადგან ქვეყანაში უმრავლესობას მართლმადიდებლები წარმოადგენენ.

„მე ვფიქრობ, რომ ეს თემები ხელოვნურად არის აჟიტირებული, რადგან ვიღაცის ინტერესებში არის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არ გადაეცეს არანაირი ქონება. ჩვენ სახელმწიფოსთან ერთად განვიხილავთ მიზანშეწონილობას ამა თუ იმ ქონების გადმოცემის შესახებ, ახლაც ვიმყოფებოდი სახელმწიფო კანცელარიაში. მე მაქვს ერთი ხმა, კომისიის წევრია 10 ადამიანი. ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებებს კონსენსუსით ვიღებთ. დასაბუთებული მასალები მოდის სახელმწიფო კანცელარიაში იმასთან დაკავშირებით, რისთვის სჭირდება ეკლესიას ესა თუ ის მიწის ნაკვეთი. ფაქტობრივად, ჩვენ მიწის ნაკვეთს არ ვითხოვთ, თუ მასზე ეკლესიის მშენებლობა არ არის გამიზნული. რაც შეეხება ამორტიზებულ შენობებს და სხვა ქონებას, რომელსაც სახელმწიფო აძლევს ეკლესიას, ეს ეკლესიას ინფრასტრუქტურისთვის სჭირდება. აღნიშნული გათვალისწინებულია იმ ნორმებით, რაც არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. ეს სახელმწიფო არის სამართალმემკვიდრე იმ სახელმწიფოსი, რომლის დროს ეკლესიამ დაკარგა უზარმაზარი და განუსაზღვრელი რაოდენობის ქონება, ამიტომ ნურავის უკვირს, როდესაც სახელმწიფოსგან ეკლესია იღებს ქონებას. ასეთივე ქონებას იღებენ სხვა რელიგიური დომინანტები საქართველოში. რატომ მათზე არ გიჩნდებათ მსგავსი კითხვები? მარტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ეძლევა ქონება?! სხვა ეკლესიებსაც ხომ ეძლევა. ამაზეც ვისაუბროთ”, – განაცხადა მამა მიქაელმა.

მისივე თქმით, საქართველოში უმრავლესობას მართლმადიდებლები შეადგენენ და შესაბამისად, მართლმადიდებელ ეკლესიას უფრო მეტი ქონება სჭირდება, უფრო მეტი დაკარგა წარსულ წლებში და შესაბამისად, უფრო მეტიც უნდა მიიღოს.

„სხვა სახელმწიფოებში როგორ იქნებოდა, მაგალითად ანგლიკანურ ეკლესიაში, მართლმადიდებლებს დააფინანსებდნენ უფრო მეტად თუ პროტესტანტებს? ხომ ასე იქნება, არა? შესაბამისად, საქართველოშიც ასე ხდება”, – განაცხადა პატრიარქის მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები