„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილის გამოწვევას არაკორექტული უწოდა

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას თქმით, ალეკო ელისაშვილის მხრიდან კახა კალაძის დებატებში გამოწვევა არაკორექტულია, რადგან არჩევნების პირველ ტურში ყველა კანდიდატს ეთერში ყოფნის თანაბარი უფლება უნდა ჰქონდეს.

„პირველთან“ საუბარში კუკავამ აღნიშნა, რომ ელისაშვილის გამოწვევაში უპატივცემულობა იკვეთება არა მხოლოდ კონკურენტების მიმართ, არამედ ამ კონკურენტების ამომრჩევლების მისამართითაც.

„პირველი ტურის არჩევნებში ყველას თანასწორი უფლებები უნდა ჰქონდეს, რათა ხალხამდე საკუთარი სათქმელი მიიტანოს. ჩვენ, როცა ხელისუფლება ცდილობს – მეტი ჰქონდეს ეთერი, ამაზე პრეტენზიას ვაცხადებთ და ცოტა გასაკვირია, როდესაც ოპოზიციური კანდიდატი ითხოვს მეტი დრო დაეთმოს, ვიდრე სხვა ოპოზიციურ პარტიას. ამიტომ, სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ, ნებისმიერ არხზე, დებატებში მონაწილეობა მივიღოთ ყველა ჩვენს კონკურენტთან ერთად და ესაა სწორი და კორექტული. ეს არის უპატივცემულობა არა მხოლოდ, კონკურენტების მიმართ, არამედ ამ კონკურენტების ამომრჩევლებთან მიმართებითაც“, – განაცხადა კახა კუკავამ.

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა კახა კალაძე დებატებში მეორედ გუშინ, 4 ოქტომბერს გამოიწვია. ელისაშვილი ამბობს, რომ მისი მთავარი კონკურენტი საქართველოს სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია და ფეხბურთში მასთან შეჯიბრს არასდროს დასთანხმდებოდა: “მაგრამ მე ფეხბურთელობას არ ვაპირებ და კახი აპირებს თბილისის მერობას”.

ელისაშვილის საპასუხოდ კახა კალაძემ განაცხადა, რომ მზადაა, ყველა ოპონენტთან ერთდროულად დაჯდეს დებატებში.

საქართველოში თვითმმართველობის, მათ შორის თბილისის მერის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები