ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ისაუბრა

„ქართველ ხალხს ექნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სოციალური სახელმწიფოს, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის უფრო ძლიერი გარანტიები და ეყოლება უფრო ძლიერი პარლამენტი”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, ვენეციის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ თანამშრომლობისთვის ვენეციის კომისიას – პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს, მდივან თომას მარკერტს და ექსპერტებს მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობას განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება საკონსტიტუციო ცვლილებების ძირითად არსზე გაამახვილა. მისი თქმით, საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია ურთიერთგაწონასწორებისა და შეკავების პრინციპთან შესაბამისობაში არ არის, რაც 2010 წელს ვენეციის კომისიის საბოლოო შეფასებაშიც დადასტურდა. მისივე თქმით, მოქმედი კონსტიტუცია ხელისუფლებას, შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ავტორიტარული მმართველობის ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს.

„ახლა, მთავარი მიზანი იყო კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანა ურთიერთგაწონასწორებისა და შეკავების პრინციპთან, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიებისა და კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და სოციალური სახელმწიფოს პრინციპების გაძლიერება. საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, დაამყაროს ავტორიტარული რეჟიმი. ჩვენ გვინდა, გვქონდეს კონსტიტუცია, რომელიც აღკვეთს ნებისმიერი სახის ავტორიტარიზმის საფრთხეს გრძელვადიან პერსპექტივაში და გვჯერა, რომ ახალი დოკუმენტი ამისთვის ძლიერ გარანტიებს უზრუნველყოფს”,– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიისთვის მიცემული პირობა შეასრულა და არცერთი ის ნორმა არ მიიღო, რომელიც ვენეციის კომისიამ უარყოფითად შეაფასა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არ არსებობს არცერთი ისეთი ნორმა, რომელიც მმართველ პარტიას სარგებელს აძლევს – განსხვავებით მოქმედი კონსტიტუციისგან.

„დასაწყისშივე, ჩვენ მტკიცე პირობა მივეცით ვენეციის კომისიას, რომ არცერთი ნორმა არ იქნებოდა მიღებული საქართველოს პარლამენტის მხრიდან, რომელსაც ნეგატიურად შეაფასებდა ვენეციის კომისია და ჩვენ ვიმოქმედეთ ვენეციის კომისიისთვის მიცემული ამ დაპირების შესაბამისად, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ხაზი უნდა გაესვას, არის ის, რომ არ არსებობს არცერთი ნორმა, თუ შევადარებთ ორ სხვადასხვა დოკუმენტს – მოქმედ და ახალ კონსტიტუციას, არ არსებობს არცერთი ნორმა, რომელიც სარგებელს აძლევს მმართველ პარტიას. ვერავინ ვერ დაასახელებს ასეთ ნორმას, რაც ამტკიცებს არა მხოლოდ კონსტიტუციის შეცვლას, არამედ საკონსტიტუციო კულტურისა და საკონსტიტუციო ტრადიციების შეცვლას საქართველოში, რაც ასევე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვენეციის კომისიის მსგავსად, პოლიტიკურ პარტიებს შორის ფართო კონსესუსის არ არსებობის გამო, სინანულს გამოთქვამს მმართველი გუნდიც.

„ვენეციის კომისია საუბრობს კონსესუსის შესახებ და სინანულს გამოთქვამს, რომ არ არსებობს ფართო კონსესუსი კონსტიტუციის შესახებ. ამის შესახებ ჩვენც სინანულს გამოვთქვამთ. რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესი იქნებოდა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსესუსი ყოფილიყო მიღწეული. როგორც იცით, ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ოპოზიციაშია 2014 წლიდან, მხარს არ უჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ ჩვენ მოვამზადეთ ძალიან გემრიელი ნამცხვარი, თუმცა, მისი დაგემოვნება არავის უნდა – ოპოზიციურ პარტიებსა და პრეზიდენტს. პასუხი ძალიან მარტივია: ჩვენ მოვამზადეთ ეს გემრიელი ნამცხვარი არა ოპოზიციური პარტიებისთვის, ან საქართველოს პრეზიდენტისთვის, რომელიც ოპოზიციაშია, არამედ ეს გემრიელი ნამცხვარი მოვამზადეთ ქართველი ხალხისთვის და ქართველი ხალხი ისარგებლებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სოციალური სახელმწიფოს უფრო ძლიერი გარანტიებით. ქართველი ხალხი ისარგებლებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის უფრო ძლიერი გარანტიებით, უფრო ძლიერი პარლამენტით და საპარლამენტო ოპოზიციით, რაც გარანტირებულია კონსტიტუციის ახალი რედაქციით,  მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უფრო ძლიერი გარანტიებით, ადგილობრივი თვითმმართველობის უფრო ძლიერი გარანტიებით და ასე შემდეგ. კონსტიტუცია ნამდვილად აუმჯობესებს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სტანდარტებს ჩვენს ქვეყანაში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა უკვე დაუდასტურა ვენეციის კომისიას, რომ ბონუსსა და ბლოკებთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები იქნება შეტანილი, გარდა ამისა, ხელახლა იქნება განხილული რელიგიისა და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული დებულებები.

„რაც შეეხება ბონუსსა და ბლოკებს, როგორც იცით, ჩვენ უკვე დავუდასტურეთ ვენეციის კომისიას, რომ შესაბამისი ცვლილებები იქნება შეტანილი კონსტიტუციაში, ახალი ცვლილებების თანახმად, ბონუსის სისტემა გაუქმდება, ისევე, როგორც ბლოკები შენარჩუნდება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის. ასევე, განხორციელდება ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით. ჩვენ, ასევე, გადავხედავთ დებულებებს რელიგიისა და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით.

ახლა პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, დაადოს ვეტო დოკუმენტს პარლამენტის ხელმძღვანელობასა და ვენეციის კომისიის შეთანხმების მიხედვით. ამ შემთხვევაში, ჩვენ შესაძლებლობა გვექნებოდა, განგვეხორციელებინა  ბონუსთან, ბლოკებთან და საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებები, მაგრამ ვიცით, რომ პრეზიდენტი არ აპირებს საქართველოს პარლამენტისა და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის შეთანხმების მიხედვით ვეტოს უფლების გამოყენებას. სინანულს გამოვთქვამთ პრეზიდენტის ამ პოზიციის გამო, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ კონსტიტუციაში ახალი ცვლილებები ინიცირებული იქნება დაუყოვნებლივ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ და უზრუნველვყოფთ, რომ ამ ცვლილებებს ხელი მოაწეროს საპარლამენტო უმრავლესობის 116-ვე წევრმა, რათა უზრუნველვყოთ, რომ ყველა მათგანი იღებს პასუხისმგებლობას ცვლილებების შესახებ, რომლებიც ბონუსს, ბლოკს და საკონსტიტუციო სასამართლოს ეხება”,– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიას მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველოს ახლა ევროპული კონსტიტუცია ექნება, რაც, მისივე თქმით, რეფორმის მთავარი მიზანი იყო.

„კიდევ ერთხელ, მინდა, მადლობა გადავუხადო ვენეციის კომისიას რეფორმის პროცესში საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერისთვის,  საბოლოო დასკვნისთვის, საქართველოში მიმდინარე ამ ისტორიული პროცესის მხარდაჭერისთვის. ახლა ჩვენ გვექნება ევროპული კონსტიტუცია. ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი, რომ შეგვენარჩუნებინა ევროპული სტანდარტები. ჩვენ ვაყალიბებთ ძალიან ძლიერ საპარლამენტო სისტემას, პროპორციული საარჩევნო სისტემით. ამ რეგულაციების პირობებში შეუძლებელია ნებისმიერი სახის ავტორიტარიზმის დამყარება საქართველოში გრძელვადიან  პერსპექტივაში. ჩვენ მოწმე გავხდით საქართველოს კონსტიტუციის სამი სხვადასხვა ფორმულირებისა და ამ სხვადასხვა ფორმულირებებით, სხვადასხვა ხელისუფლებებმა ჩამოაყალიბეს ავტორიტარული მმართველობა საქართველოში. ახლა, ახალი კონსტიტუციის თანახმად, ეს შეუძლებელი იქნება და ეს იყო საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი მიზანი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები