ონლაინ სესხებიდან ფულის თაღლითურად დაუფლებისთვის ბრალდებულებს 5-5 წლით პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლებისათვის ბრალდებული ორი პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
როგორც „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ, დანაშაულთა ერთობლიობით, 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
წარდგენილი ბრალის თანახმად, მუბარაქ გ.-ს ბრალი ედება თაღლითობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით (4 ეპიზოდი), რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (7 ეპიზოდი). მუბარაქ გ.-სა და ყაზე ა.-ს, ასევე ბრალად ედებათ თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (10 ეპიზოდი).
ღია სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულების მხრიდან საქართველოში მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან, სხვა პირის პირადობის მოწმობის გამოყენებით და მასთან შეუთანხმებლად ფულადი სესხების აღებისა და თაღლითურად 11 000 ლარის დაუფლების ფაქტი.
საერთო ჯამში ბრალდებულმა მუბარაქ გ.-მ დანაშაულის 21, ხოლო ყაზე ა.-მ 10 ეპიზოდი ჩაიდინეს.
ღია სასამართლო სხდომაზე მუბარაქ გ.-მ სრულად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო ყაზე ა. თავს არიდებდა სასამართლოში გამოცხადებას, შესაბამისად სასამართლომ განაჩენი მის მიმართ, დაუსწრებლად გამოაცხადა.
პროცესის დასრულების შემდეგ მსჯავრდებული გამოცხადდა სასამართლოში და მანდატურებმა იგი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები