ლევან გოგიჩაიშვილი: პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება შეცდომა იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიერ გავრცელებულ გუშინდელ განცხადებას ეხმაურება.
პარლამენტის წევრის შეფასებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეს განცხადება შეცდომა იყო.
„ცოტა უცნაური განცხადება გაკეთდა გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, მე მგონი, ზედმეტი იყო ის წინადადება, რომ თუ ხმები არ გყოფნით მაჟორიტარების, ოპოზიცია დაგეხმარებათო. ასეთი განცხადებები არ უწყობს ხელს ურთიერთობებს და ძალიან დიდი შეცდომა იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება. ჩვენი პოზიცია დაფიქსირებული გვაქვს, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ კონსენსუსი შემდგარიყო, მაგრამ დავინახეთ, რომ ამ ადამიანებს კონსენსუსის არანაირი სურვილი არ ჰქონდათ და მათი მთავარი ამოცანა იყო „ქართული ოცნების“ კრიტიკა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მისი თქმით, თუ პრეზიდენტი ვეტოს ამჯერადაც გამოიყენებს, საპარლამენტო უმრავლესობა ამ ვეტოს დაძლევს.
„შესაბამისად, მივიღებთ იმ ტექსტს, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, ეს იქნება ჩვენი პასუხი გუშინდელ განცხადებაზე“, – აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ თუ პროპორციულ სისტემაზე 2020 წელს გადასვლის საკითხის გამო მმართველ გუნდს ხმები არ ეყოფა და მაჟორიტარები წინააღმდეგობას გაწევენ, „ოპოზიცია სთავაზობს უმრავლესობას, რომ დაუმატოს ხმები – 32 საპარლამენტო ხმა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები