ვენეციის კომისიის პლენარული სხდომაზე დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნა დამტკიცდება

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია დღეს, პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.

ვენეციაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო რეფორმის პროცესსა და მის ძირითად არსზე, ასევე, გაუმჯობესებულ ნორმებსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე ისაუბრებს.
„პარლამენტის თავმჯდომარე ისაუბრებს ზოგადად საკონსტიტუციო რეფორმის არსზე, იმ ცვლილებებზე, რომელიც განხორციელდა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, იმ გაუმჯობესებულ ნორმებზე, რომელიც დღეს გვაქვს ასახული კონსტიტუციის ახალ პროექტში და ასევე, შეეხება იმ რეკომენდაციებს, რომელიც იქნა ასახული ვენეციის კომისიის მიერ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა, ნიკოლოზ სამხარაძემ.
ნიკოლოზ სამხარაძემ კომენტარი გააკეთა იმ არგუმენტის შესახებაც, რომლის თანახმადაც, უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს არ გაიზიარებს. პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა განმარტა, რომ მმართველი გუნდი ვეტოს მხოლოდ უმრავლესობისა და ვენეციის კომისიის შეთანხმების მიხედვით გაიზიარებდა.
„მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ამ ხნის განმავლობაში, ყველა პოლიტიკურ პარტიას შეეძლო ამ პროცესში მონაწილეობის მიღება. პრინციპში, პროცესი უკვე დასრულებულია. ერთადერთი, რის ასახვაც ვეტოში შეიძლებოდა, რომლის გაზიარებისთვის უმრავლესობა არის მზად, ეს არის ის შეთანხმება, რომელიც არსებობს უმრავლესობასა და ვენეციის კომისიას შორის, პარლამენტის თავმჯდომარესა და ვენეციის კომისიას შორის. ამიტომ, ზუსტად ამ მოტივებით, ეს ვეტო არ იქნება გაზიარებული“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები