ეკა ბესელია დუგლა ჰ.ბოლსა და ლაურა მარია ბათლერ ბერგერს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოში აშშ-ის საერთაშორისოგანვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს, დუგლას ჰ. ბოლს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს დემოკრატიის და მმართველობის ოფისის დირექტორს, ლაურამარია ბათლერ ბერგერს შეხვდა.
მხარეებმა სასამართლო სისტემის რეფორმირების პროცესში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ შედეგების შეფასება სასამართლო რეფორმის სამი ეტაპის შემდეგ მოხდა, ასევე პროცესის დინამიკისა და არსებული გამოწვევების განსაზღვრა და მიიღეს გადაწყვეტილება ცვლილებების ახალი ეტაპის – რეფორმის მეოთხე ტალღის დაწყების შესახებ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მისი ინიციატივით სრულიად ახალი ფორმატი შეიქმნა, სადაც ხელისუფლების სამი შტო – საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებაა ჩართული, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულად და ოთხი საერთაშორისო ორგანიზაცია – ევროკავშირი, ევროსაბჭო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების ხელშეწყობის პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG).
ეკა ბესელიას განცხადებით, პირველი პროექტის მომზადების შემდეგ, აღნიშნული ფორმატი კიდევ უფრო გაფართოვდება და განხილვები კი საჯარო და ღიაიქნება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფორმის საწყის ეტაპზე სასამართლოს ჩართულობა იქნება უფრო ეფექტური და იმპლემენტაციის პროცესი კი სწრაფად განხორციელდება. ბესელიამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპის ძირითადი მიმართულებები და სამომავალო გეგმებიც გააცნო. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებულია შემდეგი საკითხები: სასამართლოში საქმეთა ნაკადის მართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება; დისციპლინური გადაცდომის საფუძვლები და დისციპლინური სამართალწარმოება- ხარვეზები და გამოწვევები; იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა და საერთო სასამართლოების სისტემაში კომერციული პალატების შექმნა. მხარეებმა ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი პროექტის -„კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG), ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე. საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა, დუგლას ჰ. ბოლმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია სასამართლო რეფორმის მიმდინარეობით საქართველოში. მისივე თქმით, დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო არის დემოკრატიის მამოძრავებელი ძალა და ორგანიზაცია მზად არის საქართველოში სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა გააგრძელოს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები