ქვეყანას სჭირდება ადგილობრივი ინვესტირების ხელშემწყობი გარემო

საქართველოს საინვესტიციო გარემო შეიძლება შეფასდეს, როგორც მიმზიდველი და სტაბილური, რომელიც 2014 წლის შემდგომ ზრდის ტენდენციით ხასიათდება. აღნიშნული განვითარების დინამიკა წარმოდგენილია გლობალური გამოწვევების, პოლიტიკური გაურკვევლობის, საინვესტიციო ბაზრის მდგრადობისა და საბრუნავი კაპიტალის გამოწვევების ფონზე.

ჩვენს ქვეყანაში მთავრობა, პოლიტიკური ჯგუფები, აკადემიური საზოგადოება, ბიზნეს ჯგუფები თუ ცალკეული მოქალაქე დაინტერესებულია ქვეყნის ეკონომიკური გარემოსა და საინვესტიციო ბაზრის განვითარებით. ასევე, ყველა თანხმდება ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების როლსა და მნიშვნელობაზე. აღნიშნულ ფონზე საინვესტიციო გარემო შეიძლება დავახასიათოთ „უჩვეულო გაურკვევლობით“. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ უჩვეულო გაურკვევლობის განმაპირობებელი ფაქტორებია:

  • პოლიტიკური მოვლენები. პოლიტიკური პროცესები და მოვლენები გავლენას ახდენს შიდა საინვესტიციო ბაზარზე, ზრდის რისკებსა და ამცირებს ადგილობრივ საინვესტიციო აქტივობას. იქმნება პოლიტიკური და ბიუროკრატიული სირთულეები ნაციონალური ინვესტიციების განხორციელების პროცესში;
  • ეკონომიკური პოლიტიკა და პოლიტიკური  აუდიტორიის მიდგომები. პოლიტიკური ისტებლიშმენტის აქტივობა მიზეზშედეგობრივ კავშირშია ქვეყანაში კაპიტალის მოძრაობაზე, დაგროვების პროცესზე, ეკონომიკურ მდგრადობაზე, ქართული ინვესტიციების მასშტაბებზე. პოლიტიკის მიერ ინვესტორებზე გავრცელებული ინფორმაცია  საზოგადოებას ან დადებითად განაწყობს ან უარყოფითად.

ქვეყანაში, სადაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონია, ადგილობრივი ორგანიზაციების ინვესტიციებისადმი განხორციელებული „პოლიტიკური დემარში“ არც პოლიტიკურად არის მომგებიანი და არც ეკონომიკურად. არ შეიძლება ქართული ინვესტიცია მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში განვიხილოთ, ხოლო უცხოური ინვესტიცია კი ეკონომიკურ ჭრილში. ამიტომ, აღვნიშნავ, რომ:

  • ქვეყანას სჭირდება საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის მომტანი ყველა პროექტი (განსაკუთრებით ქართული კაპიტალით გამყარებული);
  • ინვესტიციები (უცხოურიც და ადგილობრივიც) განხილული უნდა იქნას ეკოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური , პოლიტიკური განზომილებებით. თუმცა დღეს ქვეყანას არ გააჩნია იმის ფუფუნება, რომ ადგილობრივი ინვესტიციები მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში იქნას განხილული;
  • სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ იმ ქართველ ინვესტორებს, რომლის პორტფელი ნაციონალურთან ერთად გლობალურ  „ტენდენციას“ ქმნის;
  • თუ ქართული კაპიტალდაბანდების პროექტები (ან მისი ცალკეული კომპონენტები) დასახვეწია, საჭიროა დაჩქარებულ ტემპში, ერთობლივად და ხელშეწყობით დაიხვეწოს, რადგან დღევანდელ ქართულ გარემოს ნაციონალური ინვესტიციები ჰაერივით სჭირდება. ჯამში, ნაციონალური ინვესტიციების შეფერხება არარაციონალურია;

ხაზგასასმელია, რომ ცალკეულ  სფეროში უცხოური ინვესტიციების განხორციელებით ქვეყანა მოძრაობს  თანამედროვე ტრაექტორიაზე, თუმცა ცალკეულ სფეროში აუცილებელია მხოლოდ ქართული ინვესტიციების განხორციელება.

გლობალური თუ ლოკალური გამოწვევების პირობებში, ქვეყანაში აუცილებელია ლოკალურ საინვესტიციო ლანდშაფტზე ფოკუსირება, რასაც ხელი უნდა შეეწყოს ადგილობრივი ინვესტიციების უპირატესობის აღიარებითა და სტიმულირებით.

ბოლო პერიოდში, ადგილი აქვს ცალკეული ქართველი ინვესტორის აქტივობაზე პოლიტიკურ ხმაურსა და „ნეგატიურ აღქმის ფორმირებას“. რაც ბუნებრივია გავლენას ახდენს ბიზნეს აქტივობისა და ბაზრის განვითარების დინამიკაზე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ როგორც უცხოელი ინვესტორის მსგავსად, ქართველი ინვესტორებიც რეალისტები არიან და არსებული კლასის აქტივებს განიხილავს შემოსავლის მიღების თვალსაზრისით.  რაც ასევე რეალისტურად უნდა იქნას აღქმული.

ჯამში, ქვეყანას სჭირდება გარემო, სადაც ხელს შეუწყობენ:

  • ქართველი ინვესტორების პოზიციების გაძლიერებას (პოლიტიკური ლობიზმის საფუძველზე);
  • ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდას;
  • შიდა „ინვესტირების შიშის“ შემცირებას;
  • სახელმწიფო შესყიდვების ფოკუსირება ადგილობრივ პროდუქციაზე, რაც იმპორტზე დამოკიდებულებას შეამცირებს;
  • ქვეყანას სჭირდება ადგილობრივ ინვესტიციებით გამყარებული ახალი ბიზნეს პროექტები, ახალი ბიზნეს მოდელები, ინოვაციური შესაძლებლობების ქართული ბიზნესი, ადგილობრივ შესაძლებლობებზე მორგებული მაღალტექნოლოგიური წარმოების პროგრამები;
  • ნაციონალური ინვესტიციების პოლიტიკური მხარდაჭერა, მძლავრი საზოგადოების, ახალი მილიონრებისა და ახალი ბიზნეს ელიტის ხელშემწყობი გარემოს ფორმირება;

 

ეკონომიკის დოქტორი,

რატი აბულაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები