საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით პორტუგალიას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით ხვალ პორტუგალიის რესპუბლიკას ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ლისაბონში, 1-3 ოქტომბერს შედგება, პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მარსელო რებელო დე სოუზას, პრემიერ-მინისტრ ანტონიო კოსტას და პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ედუარდო ფერო როდრიგესს შეხვდება.
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხვალ ლისაბონში, ბელემის სასახლეში გაიმართება. პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრების შემდეგ, მედიისათვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში რევაზ ბეშიზე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.
საქართველოს პრეზიდენტი, დელეგაციასთან ერთად, პორტუგალიის კერძო სამეცნიერო “ფონდ შამპალიმოს” მოინახულებს, რომელიც ნეიროლოგიის, ონკოლოგიისა და კარდიოლოგიის სფეროებში ბიოსამედიცინო კვლევების მიმართულებით მუშაობს.
საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, პორტუგალიის უძველესი ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს და გრასას მონასტერს დაათვალიერებს, რომელშიც ქეთევან დედოფლის წამების ამსახველ პანოს გახსნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები