თავდაცვის მინისტრი სახალხო დღესასწაულ ”ახმეტობას“ დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ”ახმეტობის” სახალხო ზეიმს დაესწრო. ღონისძიება ოფიციალურად ლევან იზორიამ კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად გახსნა. სახალხო ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა დაეთვალიერებინათ.
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია დღესასწაულზე საპრეზენტაციო კუთხით იყო წარმოდგენილი. სამხედრო სასწავლებლის იუნკერებმა საინფორმაციო სტენდი მოაწყვეს, სადაც მოქალაქეებს აკადემიის სასწავლო პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
სახალხო დღესასწაული ”ბიძინაობა” ახმეტაში 1 ოქტომბერს აღინიშნება. დღესასწაული ბახტრიონის აჯანყების მეთაურის, ახმეტის მკვიდრის, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსოვნას ეძღვნება.
ბიძინა ჩოლოყაშვილი კახეთის 1659 წლის სახალხო აჯანყების ერთ-ერთი მეთაური იყო. აჯანყების შემდეგ, შაჰმა ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები ირანში გაიწვია და გამაჰმადიანება მოსთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. ბიძინა ჩოლოყაშვილი წამებით მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები