ნუგზარ მალაღურაძე: სიმართლის მიღმა დარჩენილი პარტიული ტელევიზია „რუსთავი 2“

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ სარევიზიო კომისიის სხდომის არასწორად გაშუქების გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ტელეკომპანიის მიერ მომზადებული სიუჟეტი სახელწოდებით „სიის მიღმა დარჩენილები“ პოლიტიკურად ანგაჟირებულია“, – აცხადებს მალაღურაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მიერ მომზადებული სიუჟეტის კომენტირებისას, რომელიც ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ესტაკადის ჩაშლილ მშენებლობასა და კომპანიისთვის გადარიცხულ ავანსს ეხებოდა. „სიუჟეტში კომისიის სხდომას „მწვავე“ უწოდეს. კარგი იქნებოდა სარევიზიო კომისიის მუშაობის სპეციფიკა სცოდნოდა ჟურნალისტის ტყავში გადაცმულ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს ანა წერეთელს. ამ შემთხვევაში მას ეცოდინებოდა, რომ სარევიზიო კომისიის სხდომები ამ მოწვევის საკრებულოში სხვა და სხვა საკითხებზე არანაკლები სიმწვავით მიმდინარეობდა და არაერთი მწვავე კითხვაც დასმულა.
მას ასევე ეცოდინებოდა ისიც, რომ სარევიზიო კომისია შემოწმებების გეგმა-გრაფიკს წლის დასაწყისში ამტკიცებს, აქედან გამომდინარე კეთილმოწყობის სამსახურში ხორციელდებოდა გეგმიური შემოწმება და არაფერ შუაშია კონკრეტული რომელიმე კომპანია. ხოლო სხდომაზე განხილული იყო 5 ორგანიზაციის საბოლოო და ერთი წინასწარი აქტი. სწორედ კეთილმოწყობის სამსახურის შემოწმების აქტი იყო წინასწარი. საბოლოო აქტი კი ჯერ არ დამთავრებულა“, – აცხადებს ნუგზარ მალაღურაძე და აღნიშნავს, რომ სარევიზიო კომისიის სხდომას ესწრებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარიკა დათუკიშვილი , რომელმაც „რუსთავი 2 -ის ჟურნალისტთან ერთად მოამზადა ეს სპექტაკლი“.
„მარიკა დათუკიშვილმა კიდევ ერთხელ გამოავლინა სრული დილეტანტიზმი საკრებულოს და კერძოდ სარევიზიო კომისიის მუშაობის საქმეში. არადა, წინა მოწვევის საკრებულოში ეს ქალბატონი საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებდა“, – აცხადებს მალაღურაძე და საუბარს საკრებულოს სიებთან დაკავშირებით თითქოს მის განაწყენებაზე აგრძელებს. „გადაცემაში კომენტარი გავაკეთე და კიდევ მინდა დავამატო, რომ 2002 წლიდან მივხვდი ვინ და რა იყო ნაციონალური მოძრაობა. ესენი იყვნენ და არიან ქვეყნის მავნებლები და მღრნელები. იმ დღიდან არ შემიწყვეტია ბრძოლა მათ წინააღმდეგ და ახლაც ვაგრძელებ რა თქმა უნდა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, რადგან „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელმაც დაამარცხა „ნაციონალური მოძრაობა“ და ახლა მათთან ერთად ვაპირებ მათ პოლიტიკურ კუბოზე საბოლოო ლურსმნის დაჭედებას“, – აცხადებს მალაღურაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები