რატომ ცდილობს ხატიაშვილი კანონპროექტის არჩევნებამდე გატანას?

რატომ უკეთებს ხატიაშვილი იგნორირებას ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს? „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის დავით ლანჩავას თქმით, არჩევნების ჩატარებამდე უნდა შეჩერდეს ნებისმიერი ცვლილება „ადვოკატთა შესახებ“ კანონში. დავით ლანჩავას განმარტებით, „ადვოკატთა შესახებ“ კანონში ცვლილებების პაკეტია მომზადებული და ამის თაობაზე აღმასრულებელი საბჭო ინფორმირებული არ არის.
„მე ვარ არჩეული აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ამავე დროს ვარ კომერციული სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე. აღმასრულებელი საბჭო არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმური კოლეგიური ორგანო, რომელიც ვალდებულია, ასეთი საკითხები განიხილოს. წარმოიდგინეთ, მე, საერთოდ არ ვიცი, რა კანონპროექტი გადის. ანუ, აღმასრულებელი საბჭო არ არის ინფორმირებული იმ პაკეტებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს გადის. სწორედ, იმის გამო, რომ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ არ შეესაბამება იმ მართვის სტილს, რომელიც კანონით არის განსაზღვრული, ჩემი და ჩემი მეგობრების დიდ პროტესტს იწვევს ის მართვის სტილი, რომელიც დაამკვიდრა ზაზა ხატიაშვილმა. ეს არის ჩემი პროტესტი და ამ პროტესტის გამო დავაყენეთ ჩვენი კანდიდატურა არჩევნებში, რადგან ასეთი ერთმმართველობა გამოირიცხოს“, – განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა. ლანჩავას თქმით, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც დადებით შედეგს გამოიღებს, მისასალმებელია, თუმცა „კოლეგებისგან ჩუმად არ შეიძლება კეთდებოდეს“.
„ეს ისეთი საკითხებია, რომელსაც ფართო ჩართულობა სჭირდება, რაც მეტი ადვოკატი მიიღებს ამაში მონაწილეობას, მით უმეტეს, აღმასრულებელი საბჭოს წევრი, საქმეს უკეთესად წაადგება. აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ საქმის კურსში არ ვართ, აღმასრულებელ საბჭოზე ეს კანონპროექტები და ეს ცვლილებები საერთოდ არ გასულა“, – განაცხადა დავით ლანჩავამ. მისივე თქმით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის მსურველი ბევრი კონკურენტი იქნება, რაც მისასალმებელია. ლანჩავას განმარტებით, მისი გუნდი ორიენტირებულია ახალ ხედვებზე, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალე ადვოკატთა ასოციაციის ჩამოყალიბებას. „ჩვენ ორიენტირებულნი ვართ 21-ე საუკუნის, გამჭვირვალე ადვოკატთა ასოციაციის ჩამოყალიბებაზე და არა ისე, როგორც დღეს დასახელებული ჩემი ოპონენტები ამბობენ – „ჩვენ შევქმენით და ჩვენ ვართ მაგრები“, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ერთად არიან.
მე ვამბობ, რომ ხატიაშვილი და ასათიანი ერთი გუნდია. მათ საკმაოდ დიდი ხანი მართეს ასოციაცია და მართვის სტილიც ჰქონდათ, რაც ჩვენთვის მიუღებელია. როგორ შეიძლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შედიოდეს ცვლილება და კომერციული სამართლის კომიტეტი და სამოქალაქო სამართლის კომიტეტი საქმის კურსში არ იყოს?!“, – განაცხადა დავით ლანჩავამ. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კადიდატმა იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც ადვოკატთა შესახებ კანონში უნდა განხორციელდეს. „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის არჩევნები დეკემბერში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები