ავღანეთში მორიგი როტაცია იწყება

ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სამხედრო მოსამსახურეების ავღანეთში გაცილების ცერემონია გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობის მისაღებად, III ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონი ემზადება.
ქართველ მშვიდობისმყოფელებს სიტყვით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ მიმართეს. მათ ჯარისკაცებს მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. იან კელიმ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნა და საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. ქართველი სამხედროების გასაცილებლად ვაზიანში თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე იმყოფებოდნენ.
გაცილების ცერემონიალს აშშ-ის ევროპის სარდლობის საზღვაო ქვეითები და მშვიდობისმყოფელების ოჯახი წევრები დაესწრნენ. პირადი შემადგენლობა ბატალიონის კაპელანმა, მამა გობრონმა დალოცა. III ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონი ნატოს ეგიდით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში 6 თვის განმავლობაში შეასრულებს. ქვედანაყოფი II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება. III ქვეითი ბრიგადა და 31-ე ქვეითი ბატალიონი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში აქტიურად არის ჩართული. ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მეოთხე როტაციას ახორციელებს. ავღანეთში გამგზავრებამდე სამხედრო მოსამსახურეებმა გადასროლისწინა მომზადება და შესაბამისი წვრთნები ჯერ საქართველოში, შემდეგ კი გერმანიაში, ბაზა „ჰოჰენფელსზე“ გაიარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები