პროკურორი: მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხი დაზარალებულებთან შეთანხმებით გადაწყდება

„ცენტრ პოინტის” საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის განცხადებით, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხი, დაზარალებულებთან შეთანხმებაზე პოზიციის დაზუსტების შემდეგ გადაწყდება.
როგორც საქმის პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ყველა დაზარალებულის ინტერესი უნდა დაკმაყოფილდეს. მისივე თქმით, დაზარალებულებს არ უნდა გააჩნდეთ  პრეტენზია „ცენტრ პოინტ ჯგუფის” ხელმძღვანელი პირების მიმართ.
„გურამ რჩეულიშვილი აცხადებს, რომ მას მიღწეული აქვს შეთანხმება კონკრეტულ ინვესტორთან. ბრალდების მხარე, რა თქმა უნდა, დააზუსტებს დაზარალებულებთან, თუ რა პოზიცია გააჩნიათ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ გადაწყდება ბრალდებულების: მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხი. ბრალდების მხარის მიერ წაყენებულია პირობა, რომ ყველა დაზარალებულის ინტერესი უნდა დაკმაყოფილდეს და არ უნდა გააჩნდეთ მათ პრეტენზია „ცენტრ პოინტ ჯგუფის” ხელმძღვანელი პირების მიმართ”, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.
„ცენტრ პოინტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ცენტრ პოინტი” გაიყიდა. თუმცა, რჩეულიშვილმა ინვესტორის ვინაობა არ გაამხილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები