ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა სასაფლაოს ტერიტორიაზე დაჭრეს
ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა დაჭრეს. „კვირას“ ინფორმაციით, გრიგოლ მიქავა გუშინ ზუგდიდში მდებარე სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას ჭრილობა მუხლის არეში აქვს მიყენებული.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, დამნაშავის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
საკრებულოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის მიქავას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის უკვე სახლში იმყოფება.