ირაკლი კობახიძე: იურიდიული სამსახური კვლავაც იქნება ადამიანის უფლებების დაცვის სამსახურში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებელი იურიდიული დახმარების შესახებ რეგიონალური კონფერენციის გახსნისას იურიდიული სამსახურის ეფექტიანობაზეც გაამახვილა ყურადღება.
როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ რაც სასამართლო იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის დიქტატისგან გათავისუფლდა, გაიზარდა იურუდიული სამსახურის ეფექტიანობა.
მისივე თქმით, ის ამაყია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესია.
კობახიძემ იურიდიული დახმარების სამსახურს სრული მხარდაჭერა აღუთქვა, ვინაიდან აღნიშნული სამსახური ინსტიტუციურად პარლამენტთანაა დაკავშირებული.
“სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტი ადამიანის უფლებების დაცვაა. ბოლო წლების განმავლობაში, თვისობრივად ამაღლდა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი. ამაში იურიდიული სამსახური უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ეს სამსახური არის დამოუკიდებელი, თუმცა აკავშირებს ანგარიშვალდებულება პარლამენტთან. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულია პარლამენტის პასუხისმგებლობა ამ სამსახურის მიმართ. იურიდიულ სამსახურს ექნება პარლამენტის სრული მხარდაჭერა. მოხდება ამ სამსახურის რესურსების მუდმივი განვითარება და იურიდიული სამსახური კვლავაც იქნება ადამიანის უფლებების დაცვის სამსახურში”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დამოუკიდებელი იურიდიული დახმარების მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ რეგიონული კონფერენცია 28-29 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები