პრეზიდენტი დღეს, 16:00 საათზე საკონსტიტუციო პროცესში ჩართულ პარტიებთან კონსულტაციებს გამართავს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს, 16:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზებაზე საკონსტიტუციო პროცესში ჩართულ პარტიებთან კონსულტაციებს გამართავს.
მიუხედავად პრეზიდენტის შეთავაზებისა, უმრავლესობის წევრები დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას არ აპირებენ და მარგველაშვილს შეხვედრის საკუთარ ფორმატს – მმართველი გუნდის წევრებთან ცალკე შეხვედრას სთავაზობენ.
დღევანდელ კონსულტაციებში მონაწილეობას გეგმავს ოპოზიცია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის მიზანია კონსტიტუციის საერთო თანხმობით მიღება, ამიტომ მარგველაშვილი საკონსტიტუციო პროცესში ჩართულ ყველა ძალას 28 სექტემბერს, 16:00 საათზე კონსულტაციებს პრეზიდენტის სასახლეში სთავაზობს. „მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ მიიღო კონსტიტუცია. ამ დოკუმენტის ხარვეზების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. საკონსტიტუციო პროექტზე მუშაობის განმავლობაში პრობლემებზე მიანიშნებდა არამარტო პრეზიდენტი, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ვენეციის კომისია. ამ დროისათვის, ახლად მიღებულ კონსტიტუციაში ცვლილებებს ითხოვს მმართველი გუნდიც. ვინაიდან პრეზიდენტის მიზანი ყოველთვის იყო კონსტიტუციის მიღება საერთო თანხმობით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი, მმართველი პარტიის თხოვნის საფუძველზე, მათივე ინიციატივის განსახილველად, ,,ქართულ ოცნებას“ და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, 28 სექტემბერს, 16:00 საათზე სთავაზობს კონსულტაციებს პრეზიდენტის სასახლეში”- განაცხადა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები