საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს არა ბაბლოიანს შეხვდა, რომელიც თბილისში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-სომხეთის 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებს, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთს ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის კონტაქტების გააქტიურებაზე, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის განვითარებას ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში.