მარიამ ჯაში ნიუ-იორკში „მსოფლიო განათლების სერვისების” დირექტორს შეხვდა

ნიუ- იორკში ვიზიტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და ქალაქ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული დიანა ჟღენტი World Education Service (WES) გენერალურ დირექტორს, მარიამ ასეფას შეხვდნენ.
როგორც ”კვირას“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული ორგანიზაცია 42 წელია მუშაობს მსოფლიო მასშტაბით სტუდენტებისა და პროფესიონალების განათლების კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხების საერთაშორისო შეფასებასა და აღიარებაზე. ”კვალიფიკაციის საერთაშორისო აღიარება ეხმარება სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს უფრო მარტივად მოახდინონ გადასვლა სხვა ქვეყნის უნივერსიტების შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე ან დასაქმდნენ საზღვარგარეთ”, – განმარტავენ პრესსამსახურში.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს WES შესაძლო თანამშრომლობაზე საქართველოს განათლების სისტემასთან და იმ გამოცდილების გაზიარებაზე, რომელიც ორგანიზაციამ 40-ზე მეტი წლის მანძილზე დააგროვა აშშ და კანადის 2500-ზე მეტ ინსტიტუტთან.
”საუნივერსიტეტო განათლების ინტერნაციონალიზაცია ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ერთი მხრივ, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირისა და განვითარებული სამყაროს სტანდარტებს. პარალელურად, საქართველოს უნივერსიტეტებში უფრო მეტი საერთაშორისო სტუდენტის ჩართვას უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ქვეყანა რეგიონში ვაქციოთ განათლების საერთაშორისო ცენტრად. ამასთან, უაღრესად მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ფორმალურ სექტორში დასაქმება და შესაბამისი კვალიფიკაციების აღიარება. ამდენად, საინტერეოა WES და მსგავსი პროფილის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება”, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები