ნიკოლოზ გაგუა: 2017 წლის II კვარტლის ეკონომიკურმა ზრდამ 4,7% შეადგინა, ნაცვლად 4.0 პროცენტისა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ ბრიფინგი გამართა და მედიის წარმომადგენლებს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია ქვეყნის მიმდინარე ეკონომიკური დინამიკის შესახებ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის II კვარტლის ეკონომიკურმა ზრდამ 4,7% შეადგინა, ნაცვლად 4.0 პროცენტისა, რომელიც ყოვლთვიური შეფასებების საფუძველზე იქნა გაანგარიშებული. შესაბამისად, დაზუსტდა შესაბამისად, 2017 წლის პირველ ნახევრის ეკონომიკური ზრდა, რამაც შეადგინა 4.9 პროცენტი.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, 2017 წლის II კვარტლის მონაცემებით, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
o მშენებლობა: ზრდა 16,4%;
o სასტუმროები და რესტორნები: ზრდა 12,9%;
o ტრანსპორტი: ზრდა 7,0%;
o ვაჭრობა: ზრდა 3,7%;
o ოპერაციები უძრავი ქონებით: ზრდა 7,2%;
o საფინანსო საქმიანობა: ზრდა 6,4%.
ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ბოლო წლებში, ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი უჭირავს კერძო სექტორს, რაც განსაკუთრებით გამოკვეთილია 2017 წელს. მისი თქმით, პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება ხელფასების ზრდაში. კერძოდ, 2017 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 10 პრცენტით გაიზარდა. ხელფასების ყველაზე სწრაფი ზრდა დაფიქსირდა: სამშენებლო სექტორში – 38,6%; სოფლის მეურნეობაში – 27,9%; საფინანსო საქმიანობაში – 20%; სასტუმრო-სარესტორნო სექტორში – 14,9%; მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის სფეროში – 11,6%.
„მნიშვნელოვანია რომ აღნიშნულ ზრდაში წარმმართველი კვლავ კერძო სექტორია. კერძოდ სესაშემოსავლო დეკლარაციების ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს, რომ პირველ 7 თვეში მთლიანი სახელფასო ხარჯი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8,7%-ით გაიზარდა. აქედან სახელმწიფო სექტორში სახელფასო ხარჯი 0,6%-ით შემცირდა, ხოლო კერძო სექტორში 12%-ით გაიზარდა,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. მისი განცხადებით, 2017 წლის პირველ ნახევარში კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა, წინა წელთან შედარებით 18%-ით, ხოლო საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება 18%-ით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში ბიზნეს სექტორმა 30 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.
ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ. 2017 წლის იანვარ – აგვისტოში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 28.5%-ით. გარდა ამისა, ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდამაც, რაც მომსახურების ექსპორტს წარმოადგენს. იანვარ-აგვისტოში შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან 29.1%-ით გაიზარდა და 1,859.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ეკონომიკის დივერსიფიკაციას და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას შემდგომი წლების განმავლობაშიც,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები