რა თამაში წამოიწყო გიორგი მარგველაშვილმა – აგორდება თუ არა ქუჩის აქციები კონსტიტუციის გამო

რა თამაში წამოიწყო გიორგი მარგველაშვილმა – აგორდება თუ არა ქუჩის აქციები კონსტიტუციის გამო – ამ სათაურით გაზეთი „პრაიმტაიმი“ დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, გიორგი მარგველაშვილი ვეტოს დადებისთვის ემზადება. ეს უკვე მისი რიგით მეათე ვეტო იქნება. საკონსტიტუციო პროექტს, რომელსაც პარლამენტი მესამე და საბოლოო მოსმენით უკვე სექტემბრის ბოლოს მიიღებს, პრეზიდენტი ვიზირებას არ მისცემს.
„შემთხვევითი არ არის, რომ მან სწორედ ახლა მოიწვია პრეზიდენტის სასახლეში მთელი ოპოზიციური სპექტრი კონსულტაციებისთვის და ალტერნატიულ პროექტზე შეთანხმება შესთავაზა. საინტერესოა, რომ ეს პროცესი პრეზიდენტმა სწორედ მაშინ წამოიწყო, როცა ვეტოს დადების დრო მოვიდა. როგორც ჩანს, გიორგი მარგველაშვილს ახლა მაინც არ სურს, სასაცილოდ გამოჩნდეს, როგორც ეს მოსმენების დროს მოხდა. კანონპროექტს ვეტო კი დაადო, მაგრამ ალტერნატიული ვარიანტი პარლამენტს ვერ შესთავაზა. არადა, მის ალტერნატიულ შეთავაზებებს მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიებიც კი ელოდებოდნენ, მათ შორის „ფორუმი“ და რესპუბლიკელები. მაშინ მათ ისევ ხელისუფლების პროექტისთვის მოუწიათ ხმის მიცემა.
ახლა, როგორც ჩანს, მარგველაშვილი თადარიგს დაიჭერს და კონსტიტუციის ალტერნატივას შექმნის.
თუმცა, ამ პროცესში მთავარი მაინც სულ სხვა რამ არის. გიორგი მარგველაშვილს სურს, იმ ლიდერად დაფიქსირდეს, რომელმაც ოპოზიციის თავის გარშემო გაერთიანება შეძლო; იმ ლიდერად, რომელმაც კონსენსუსს მიაღწია და პოლიტიკური სპექტრისთვის მისაღები პროექტი შექმნა. კონსულტაციები დაწყებულია და ამბობენ, რომ რამდენიმე საკითხზე შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ეს საკითხებია: საარჩევნო სისტემა – პროპორციულზე გადასვლა, ბლოკების დაშვება და ბარიერის 3%-მდე დაწევა, ასევე, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები. ახლა ისინი შეეცდებიან, სასამართლო სისტემასთან და უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით მოილაპარაკონ“, -წერს „პრაიმ ტაიმი“.
როგორც კონსულტაციებში ჩართულმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა „პრაიმტაიმთან“ საუბარში განმარტეს, ალტერნატიული მოდელი, რომელსაც ისინი ქმნიან, არც საპრეზიდენტოა და არც საპარლამენტო, ის შერეულია.
პარლამენტში კი უმრავლესობა კენჭს უყრის საპარლამენტო მოდელზე აწყობილ კონსტიტუციას.
„განსხვავება უფრო ხილული რომ გახდეს, გიორგი მარგველაშვილის მოდელი ძირითადად ყველაფერს ისე ტოვებს, როგორც ახლაა.
ახალი კონსტიტუცია პოლიტიკურ კლასს რეფორმას აიძულებს. ვნახოთ, რატომ.
პირველი: აიკრძალება წინასაარჩევნო ბლოკები.
ამჯერად კანონი ერთკაციან პარტიებს საშუალებას აძლევს, მსხვილ პარტიებს შეუერთდნენ და ბარიერი გადალახონ. აქ თამაშის წესები ასეთია: ერთკაციანი პარტიები ძირითადად შავ სამუშაოს ასრულებენ, ისინი შავ პიარს უგორებენ იმ პარტიების ძირითად კონკურენტებს, ვისთანაც აპირებენ ბლოკშიც შესვლას. სამაგიეროდ მათ ოთხი წელი გარანტირებული აქვთ საბიუჯეტო დაფინანსება და უფასო საეთერო დრო საარჩევნოდ.
ახალი კონსტიტუცია თამაშის ასეთ წესს აუქმებს. ეს, რა თქმა უნდა, ერთკაციან პარაზიტ პარტიებს შეეხება. გაუგებარია, რატომ უნდა აფინანსებდეს ბიუჯეტი ვიღაც ბაჩუკი ქარდავას ან მამუკა კაციტაძეს. არანაირი ფასეულობა მათ არ აქვთ. გაუგებარია, რატომ უნდა ვუხადოთ მათ მილიონობით ლარი.
ოპოზიცია ითხოვს, საარჩევნო ბარიერი მცოცავი იყოს. გაძლიერდებიან, ბარიერმა აიწიოს, დასუსტდებიან – დაიწიოს. მაგალითად, 1995 წლის პარლამენტში სამი მსხვილი პოლიტიკური პარტია იყო – სმკ, აღორძინება და ედპ. თუმცა, ედპ-ს გაყოფის შემდეგ ირინა სარიშვილმა 7%-იანი ბარიერის იდეა წამოაყენა და მმართველი ძალა მის წინადადებას დასთანხმდა. სარიშვილის მიზანი მაშინ მისგან წასული პოლიტიკური ფიგურების ჩაძირვა იყო, მან იცოდა, რომ ასეთ მაღალ ბარიერს ისინი ვერ გადალახავდნენ. თუმცა, გაყოფილი ედპ თავადაც დასუსტებული იყო და 1999 წლის მოწვევის პარლამენტში ვეღარც ირინა შევიდა. შემდეგ ოპოზიციამ ბარიერის დაწევისთვის ბრძოლა დაიწყო.
ამ ძირითადად ძალიან ამბიციურ და ხშირ შემთხვევაში არაფრის მომცემ პოლიტიკურ ფიგურებს გაერთიანებაც არ შეუძლიათ – ერთმანეთს არ უთმობენ, კომპრომისების გამოძებნა ძალიან უჭირთ, ამიტომაც ურჩევნიათ, ბარიერის ხან აწევისთვის იბრძოლონ და ხან დაწევისთვის.
ახალი კონსტიტუციის მოდელი კი პოლიტიკურ პარტიებს გამსხვილებას აიძულებს. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა ჩამოყალიბდნენ საქართველოში მთავარი პოლიტიკური მოთამაშეები, რომლებიც პოლიტიკურ ამინდს შექმნიან.
ისევე, როგორც ევროპაშია. თუ ჩვენ ამ სივრცისკენ მივისწრაფვით, მაშინ თამაშის წესებიც შესაბამისი უნდა გვქონდეს. არჩევნების წინ კი არ უნდა იქმნებოდეს ბლოკები, რომ მერე პარაზიტმა ერთკაციანმა პარტიებმა წლების განმავლობაში ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი მიიღონ არაფერში, არამედ არჩევნების შემდეგ – ძლიერი და ხალხის ნდობით აღჭურვილი პოლიტიკური ძალები უნდა ქმნიდნენ კოალიციას.
ახლა პოლიტიკური სპექტრი მუდმივად ვაჭრობაზეა გადასული. ისინი ხან ფულზე ვაჭრობენ, ხან გავლენებზე.
სხვათა შორის, თავის დროზე, 1995 წლის კონსტიტუციის მომზადების დროს შევარდნაძემ ნამდვილად შეძლო კონსენსუსის მიღწევა ყველა დროის ყველაზე ჭრელ პოლიტიკურ ინტერესებად დაშლილ სუბიექტებთან. და მან ეს მოახერხა არა იმით, რომ ჯადოსნური ჯოხი ჰქონდა, არამედ იმით, რომ არჩევნებში ყველას დახმარებას დაჰპირდა. ბევრი გადააგდო – არ დაეხმარა. მაშინ ყველაზე დიდი ხმაური რესპუბლიკელების გადაგდებას მოჰყვა. 2010 წლის კონსტიტუციაში სააკაშვილი გიორგი თარგამაძეს გაურიგდა. გარიგების ერთ-ერთი თემა ფრაქციის რიცხოვნობა იყო. ფრაქციის შესაქმნელად ათის ნაცვლად ექვსი კაციც საკმარისი იყო. თუმცა ეს მხოლოდ ერთი ნაწილია გარიგებისა.
ეს ხელისუფლება, როგორც ჩანს, გარიგებას არავისთან აპირებს. შევარდნაძე თუ ყველას გაურიგდა, სააკაშვილი – მხოლოდ რამდენიმეს, მათ შორის ქრისტიან-დემოკრატებს. ახალ ხელისუფლებას ახალი თამაშის წესების დამკვიდრება სურს და მისი მოკავშირეები მაჟორიტარები გახდნენ“, -წერს „პრაიმტაიმი“.
ლევან ალაფიშვილის შეფასებით, „მოქმედი პოლიტიკური სისტემა პოლიტიკური ვაჭრობის, პოლიტიკური კორუფციისა და ჩვენს ხარჯზე გამდიდრების საშუალებას იძლევა“.
„ამ ძველი სისტემის შენარჩუნებას ცდილობენ ისინი, ვინც გიორგი მარგველაშვილთან ერთად კონსტიტუციის ალტერნატიულ მოდელზე მუშაობს. გამოდის, პრეზიდენტი მათ ვაჭრობის საშუალებას მისცემს, სამაგიეროდ ისინი მხარს დაუჭერენ უშიშროების საბჭოს პრეზიდენტთან არსებობას და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას“, -წერს „პრაიმტიამი“.
ლევან ალაფიშვილის განმარტებით, კონსტიტუციის ახალი ვარიანტიც არ იძლევა პოლიტიკური სისტემის სწორედ განვითარების საშუალებას.
„საარჩევნო საკითხებზე ზედმეტი რეგულაციების კონსტიტუციაში ჩაწერა არასწორია, ცვლილებების განხორციელება კანონებში თუნდაც მაღალი კვორუმით უნდა იყოს შესაძლებელი, რომ კონსტიტუციის ცვლილება ყოველ ჯერზე საჭირო არ გახდეს. თანაც აქ მნიშვნელოვანია სისტემის მთლიანად გამართვა, მხოლოდ კონსტიტუციაში ცალკეული ცვლილებების განხორციელებით იგივე პარტიების დაფინანსებისა და გამჭვირვალობის პრობლემები ვერ მოგვარდება“. – აცხადებს ალაფიშვილი.
გიორგი მარგველაშვილის ალტერნატივა ძველი თამაშის წესებზე აწყობილი დოკუმენტი იქნება. სამაგიეროდ მას ყველა ხელს მოაწერს და ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან.
„კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, და მათ შორის, ხელისუფლებას, რომ შესაძლებელია კონსენსუსი. დღევანდელი სამუშაო შეხვედრა იყო ამის კიდევ ერთი დადასტურება და მნიშვნელოვანია, რომ ახლა, საბოლოო შანსი, საბოლოო შესაძლებლობა გამოვიყენოთ ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის გადასარჩენად“, – აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.
„შეჯერებულ ვერსიას გამოვიტანთ საზოგადოების სამსჯავროზე და ის წარედგინება ერთადერთ მმართველ პარტიას, რომელიც ჯიუტობს და ცდილობს, კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნიკა რურუამ.
„არ არის საუბარი კონსენსუსზე პოლიტიკურ ფიგურებს შორის. აქ ყველა პოლიტიკურმა მხარემ ანგარიში უნდა გაუწიოს იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რაც დღეს აქვს ქართულ სახელმწიფოს. ნომერ პირველი ამოცანა არის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უზრუნველყოფილი იქნას კონსტიტუციის დონეზე არჩევნების მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობა“, – აღნიშნა ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი აბესაძემ.
შეფასებები საკმაოდ პოზიტიური და ოპტიმისტურია არა მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან არამედ ხელისუფლების მხრიდანაც. „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ის თვისობრივად ახალ კონსტიტუციას მიიღებს და პოლიტიკური თამაშის წესები არა მხოლოდ დემოკრატიული გახდება, არამედ გამჭვირვალეც იქნება, ცივილიზებულიც და განვითარებაზე ორიენტირებულიც.
თუმცა, რასაც ხელისუფლება განვითარებაზე ორიენტაციას უწოდებს სახიფათოა ოპოზიციისთვის. ისინი ამ კონსტიტუციას არალეგიტიმურად მიჩნევენ და ქუჩის აქციებსაც არ გამორიცხავენ.
ნინო ბურჯანაძის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი მიიჩნევს, რომ „ერთპარტიული კონსტიტუციის მიღება ესკალაციას ნამდვილად გამოიწვევს“.
„ელოდებიან, რომ ვენეციის კომისია თავის უარყოფით დასკვნას ოფიციალურადაც გამოაქვეყნებს – ხელისუფლებას კონსენსუსის ვერმიღწევის გამო გააკრიტიკებს. შემდეგ კი უკვე ყველაფერი ოპოზიციურ პარტიებზე იქნება დამოკიდებული. მთავარია, ხალხმა იგრძნოს, რომ არჩევნების გზით ის ვერ შეცვლის ხელისუფლებას, ის მაშინვე ქუჩაში გამოვა – ასეთია ბევრი ექსპერტის დასკვნა. ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო, ბევრის აზრით, ბარიერის დაწევა. 2020 წელს თუკი პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია შევა – 5%-იან ბარიერს ბევრი ვერ გადალახავს – ხალხი და პოლიტიკოსები ქუჩაში გამოვლენ, რადგანაც ისინი საკუთარ ხმასა და ინტერესებს პარლამენტში ვერ დაინახავენ“, -წერს „პრაიმტაიმი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები