პროფკავშირების თავმჯდომარე კანდიდატურას ოპონენტების კანდიდატურის მოხსნის შემთხვევაში მოხსნის

პროფკავშირების მოქმედი თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობაზე უარს მხოლოდ იმ შემთხვევაში იტყვის, თუ დავით ოქიტაშვილთან ერთად კანდიდატურას ამირან ზენაიშვილიც მოხსნის.
ამის შესახებ განცხადება პეტრიაშვილმა პროფკავშირების თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის დავით ოქიტაშვილის შეთავაზების საპასუხოდ გააკეთა.
ოქიტაშვილის განცხადებით, ის მზად არის თავისი კანდიდატურა მოხსნას თუ კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილებას ირაკლი პეტრიაშვილიც მიიღებს.
პეტრიაშვილი თქმით, ხელისუფლებას „ზენაიშვილის სახით არსებულ მეორე პაიკს დედოფლად არ გააყვანინებს“,  რადგან მისი აზრით, ზენაიშვილი უარესი კადრია ვიდრე დავით ოქიტაშვილი.
„ოქიტაშვილი, რომელიც თვითონ დამოუკიდებელად სიტყვას სიტყვაზე ვერ აბამს, ბრალდებების კორიანტელით მტვერი დააყენა და ახლა ცდილობს ჩემი კანდიდატურის მოხსნაზე დაყოლიებით, მღვრიე წყალში თევზი ამირან ზენაიშვილს დააჭერინოს. ზენაიშვილი მოადგილეობის სანაცვლოდ ჯერ მე მეფიცებოდა ერთგულებას და მერე დავით ოქიტაშვილს. ოღონდ მას მერიაში დასაქმებას სთხოვდა. რომ ვერ მიიღო რაც სურდა, სხვა თამაში წამოიწყო. მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვხსნი კანდიდატურას, თუ ჩემთან ერთად იგივეს გააკეთებს ორივე კანდიდატი და ასპარეზი დამოუკიდებელ კანდიდატს დაეთმობა. ოღონდ ნამდვილად დამოუკიდებელ კანდიდატს და არა ხელისუფლების მიერ შემოგდებულს. ყველას ვიცნობ, ამიტომ ადვილად მივხვდები ვინ იქნება დამოუკიდებელი კანდიდატი და ვინ ოქიტაშვილის ჩამანაცვლებელი“,- განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
პრესკონფერენციაზე პეტრიაშვილმა, პროფკავშირების ქონების პირადი ინტერესების სასარგებლოდ გასხვისების შესახებ დავით ოქიტაშვილის ბრალდებებს დოკუმენტების წარდგენით უპასუხა და განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერი აბსურდულ ბრალდებას დოკუმენტებით და მტკიცებულებებით უპასუხოს.
მისი თქმით, პროფკავშირების წესდების თანახმად, პროფკავშირების კუთვნილი ქონების გასხვისება, შესაბამისი კომისიის და გამგეობის გადაწყვეტილებით ხდება და თავმჯდომარე ერთპიროვნულად მსგავს გადაწყვეტილებას ფიზიკურად ვერ შეძლებს.
„ბოლო წლების მანძილზე ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო გამგეობამ მხარი დაუჭირა დავით ოქიტაშვილმაც და ერთხელ არ გაუპროტესტებია არც ერთი საკითხი. ყველა მისი ბრალდება არის აბსურდული და ჩემი დაშანტაჟების მიზნით შეთხზული, იმისთვის რომ მთხრან კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ პროკურატურაში საქმეს არ შევიტანთო. წლების მანძიზლე არაერთი მსგავსი მუქარის წინაშე დავმდგარვარ და მინდა ვუთხრა, რომ ასეთი ბინძური ცილისწამებებით ჩემს დაშანტაჟებას ვერავინ შეძლებს“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ირაკლი პეტრიაშვილმა.
გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნები 15 სექტემბერს პროფკავშირების გაერთიანებულ ყრილობაზე გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ორ კანდიდატს, რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთი კანდიდატი ამირან ზეინაშვილი დაემატა, რომელიც ენერგეტიკის სფეროს პროფკავშირებს ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები