კოპენჰაგენში ფოტო-გამოფენა ”50 ქალი საქართველოდან” გაიხსნა

საქართველოს საელჩოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ორგანიზებით, კოპენჰაგენში განლაგებულ გაერო-ს ქალაქში (UN City) გაიხსნა საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის ერთობლივი პროექტი – ფოტო-გამოფენა ”50 ქალი საქართველოდან”.
გამოფენის გახსნაზე მოწვეულნი იყვნენ დანიის ხელისუფლების, საკანონმდებლო ორგანოს, არასამთავრობო სექტორის და მედია საშუალებების წარმომადგენლები, კოპენჰაგენში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, აგრეთვე დანიაში მცხოვრები ქართველები.
ექსპოზიცია „50 ქალი საქართველოდან” ეძღვნება IXX და XX საუკუნეების ქართველ და ევროპელ საზოგადო მოღვაწე ქალებს, რომლებმაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვეს. ფოტოსურათებთან ერთად გამოფენა საარქივო – ბიოგრაფიულ მასალასაც აერთიანებს და უნიკალურ ინფორმაციას მოგვითხრობს 50 გამოჩენილი ქართველი ქალბატონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, გიგი გიგიაძე და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის სკანდინავიის ოფისის ხელმძღვანელი, ასგერ რილი. გამოსვლაში, ელჩმა ისაუბრა საქართველოს ისტორიაში ქალთა როლზე, აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის იდეას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს და ის ქართული ცნობიერებისთვის სრულიად ორგანულია. ელჩმა ასევე ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გატარებულ რეფორმებზე, რომლებიც გენდერული უთანასწორობის სრულად აღმოფხვრისკენაა მიმართული
ექსპოზიციის გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს საელჩო ქართული ღვინითა და ქართული კერძებით გაუმასპინძლდა.
ფოტო-გამოფენის „50 ქალი საქართველოდან” დათვალიერება გაერო-ს ქალაქის ცენტრალურ დარბაზში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 11 რეგიონული ოფისის 1500-ზე მეტ თანამშრომელს და UN City-ს სტუმრებს მომავალი 8 დღის განმავლობაში – 20 სექტემბრამდე შეეძლებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები