პრემიერის თქმით, საქართველოში 13 არხია, რომლებიც მთელ ქვეყანას ფარავს

პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 5 წლის წინ საქართველოში 3 სატელევიზიო არხი იყო, რომლებიც მთელ ქვეყანას ფარავდა და ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებდა, ამჟამად კი 13 არხია, რომელიც მთელს საქართველოში მაუწყებლობს.

“პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებლად უნდა შედარდეს ის, თუ რა გვაქვს ახლა და რა გვქონდა წარსულში. 5 წლის წინ გვქონდა 3 სატელევიზიო არხი, რომელიც მთელ ქვეყანას ფარავდა და ერთ – ცენტრალური ხელისუფლების მიერ სრულად კონტროლირებად ნარატივს იმეორებდა. ამჟამად ჩვენ ორჯერ, სამჯერ მეტი, ჩვენი მონაცემებით, 13 არხი გვაქვს, რომელიც მთელს საქართველოს ფარავს. გარდა ამისა, მოქმედებს 60-ზე მეტი ადგილობრივი არხი. 5 წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით, ეს უდიდესი ნახტომია. გარდა ამისა, ავამოქმედეთ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროექტი, გვაქვს სიხშირეების დიდი რაოდენობა. გარდა ამისა, გავმართეთ და დავაჩქარეთ ახალი არხებისათვის ავტორიზაციის მინიჭების პროცესი. მაუწყებლობის ნებართვის მისაღებად სულ რაღაც 10 კალენდარული დღეა საჭირო. პროცესი ძალიან მოწესრიგებულია”, – განაცხადა კვირიკაშვილმა მაკკეინის ინსტიტუტის კონფერენციაზე გამოსვლისას. რაც შეეხება “რუსთავი 2-ს”, პრემიერის თქმით, ყველასთვის შესამჩნევია, რომ არხის საქმიანობაში ინტერვენციას ადგილი არ აქვს.

“სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რასაც, რა თქმა უნდა, ყველა ვცემთ პატივს; შემდეგ მივიღეთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება რაც, ჩვენი აზრით, ასევე პატივსაცემია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მას არ ვეთანხმებით. არხი დღეს ფუნქციონირებს, მიუხედავად იმისა, რომ მას საკმაოდ დიდი დავალიანება აქვს ბიუჯეტის წინაშე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მუშაობის გაგრძელების საშუალება მიგვეცა არხისთვის მისი ანგარიშების დაყადაღების გარეშე. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რათა გვეჩვენებინა ხელისუფლების ნება, არ ჩაერიოს თავისუფალ მედიაგარემოში”, -აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები