ირაკლი კობახიძე: მეცხრე მოწვევის პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს

„ჩვენ ვცვლით ძალიან გაუმართავ კონსტიტუციას ძალიან დახვეწილი, ევროპული ტიპის კონსტიტუციით და ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს მეცხრე მოწვევის პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომლითაც საშემოდგომო სესია გაიხსნა.

ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს საშემოდგომო სესიის გახსნა მიულოცა და განაცხადა, რომ მისაღებ გადაწყვეტილებებს შორის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებაა.

„ ეს არის მორიგი ძალიან მნიშვნელოვანი საშემოდგომო სესია, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები. განსაკუთრებით გამოვყოფდი, რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუციას. საბოლოოდ, ჩვენ მესამე მოსმენით უნდა ვუყაროთ კენჭი საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტს. ჩვენ ვცვლით ძალიან გაუმართავ კონსტიტუციას ძალიან დახვეწილი, ევროპული ტიპის კონსტიტუციით და ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს მეცხრე მოწვევის პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა კონსტიტუციურ კანონის პროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციასაც. მისი თქმით, პროექტში ოთხი ცვლილება დოკუმენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას გამოთქმული შენიშვნების მიხედვით შევიდა.

„დღეს გავრცელდა გარკვეული დეზინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია დოკუმენტის პროექტი, რომელიც არის მეორე მოსმენით მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ. დეზინფორმაცია ეხებოდა იმას, რომ თითქოს გარკვეული საკითხები არის ჩასწორებული კონსტიტუციაში განსხვავებით მეორე მოსმენით დარიგებული დოკუმენტისგან. სინამდვილე არის შემდეგი: არის ოთხი ცვლილება შეტანილი დოკუმენტში. ეს დოკუმენტი განსხვავდება, ბუნებრივია, მეორე მოსმენით განხილვის დროს დარიგებული ვარიანტისგან. ოთხივე ცვლილება არის შეტანილი პროექტში იმ შენიშვნების მიხედვით, რომელიც გამოითქვა პლენარულ სხდომაზე. ერთი ეხება ღირსების უფლების შესახებ მუხლის სათაურს – შესაბამის მუხლს დაერქვა ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა. ეს არის ერთი ცვლილება, ამ შემთხვევაში ბატონი ანრი ოხანაშვილი იყო შესაბამისი შენიშვნის ავტორი. მორიგი შენიშვნა ეხებოდა ჯანმრთელობის დაცვის უფლებას. აქ ბატონი აკაკი ზოიძის ინიციატივა იყო ფორმულირების დახვეწა და ამ ინიციატივის შესაბამისად შეიცვალა შესაბამისი ფორმულირება. ასევე შეიცვალა ფორმულირება, რომელიც ეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესს. აქ იყო ბატონი გიორგი ხატიძის ინიციატივა, რომ ორგანული კანონის დათქმა დაკონკრეტებულიყო, ანუ მითითება დაემატა ნორმას იმის თაობაზე, რომ ორგანული კანონით დადგენილი წესით აირჩევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ბოლოს, მეოთხე საკითხი, რომელიც გაზიარებულ იქნა, იყო თამარ ხულორდავას ინიციატივა, რომელიც ეხებოდა პრეზიდენტის არჩევას ექვსი წლის ვადით. ეს არის გარდამავალ დებულებებში ასახული შესაბამისი ნორმა. ეს ცვლილება ეფუძნებოდა იმ მოსაზრებას, რომ პროპორციული წესით საქართველოში საქართველოს პარლამენტი პირველად 2024 წელს ირჩევა და სასურველი იყო, ამის შემდეგ არჩეულიყო პრეზიდენტი უკვე ახალი, არაპირდაპირი წესით, 300 ხმოსნის მიერ. ეს იყო ოთხი შენიშვნა, რომელიც გამოითქვა პლენარულ სხდომაზე და რომელიც გაზიარებულ იქნა ჩემს მიერ, როგორც მომხსენებლის მიერ. აქედან გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ ეს ოთხი შესწორებაა შეტანილი იმ დოკუმენტში, რომელიც მეორე მოსმენისთვის დარიგდა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მოსახლეობას საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე სწორი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. მისივე განცხადებით, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც კონსტიტუციურ კანონის პროექტში, მესამე მოსმენით განხილვის დროს არა რედაქციული ხასიათის ცვლილებები შეჰქონდათ.

„წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც მესამე მოსმენის დროს არა რედაქციული ცვლილებები შეჰქონდათ დოკუმენტში და როდესაც აპარებდნენ დოკუმენტში გარკვეულ ცვლილებებს. თქვენ გახსოვთ 2010 წელს, როდესაც მიიღო მაშინდელი მოწვევის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, მესამე მოსმენის დროს შევიდა არაერთი არა სარედაქციო ცვლილება დოკუმენტში, ფუნდამენტურად გადაისინჯა თითქმის დოკუმენტი მესამე მოსმენისთვის. ეს არის ის რეალობა, რომელიც ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს, ასეთი მანიპულაციები არ არის დამახასიათებელი ჩვენთვის, პარლამენტის მოქმედი ხელმძღვანელობისთვის, მოქმედი შემადგენლობისთვის, შესაბამისად, ჩვენ დავდეთ ზუსტად ის დოკუმენტი, რომელიც დამტკიცდა მეორე მოსმენით საქართველოს პარლამენტის მიერ”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები