ეკა ბესელიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მონაწილეობა მიიღო პარიზში გამართულ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში, როგორც კომიტეტის ძირითადმა წევრმა.
განხილული იქნა რამდენიმე საკითხი, მათ შორის, შესავალი მემორანდუმი იურისტის/ადვოკატის პროფესიაზე ევროპული კონვენციის დაცვის სტანდარტებზე. საკითხზე მსჯელობისას, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ, ადვოკატთა პროფესიის დაცვის მიზნით, მისი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა.
„ადვოკატის პროფესია დაცვის გარანტიით მოსამართლის, პროკურორის და გამომძიებლის დაცვის გარანტიებთან გავათანაბრეთ. ეს ცვლილება პარლამენტში 2015 წელს მივიღეთ. ასევე, ადვოკატის პროფესიაში უკანონო ჩარევა და მისთვის ხელის შეშლა სისხლის სამართლის წესით ისჯება. აღნიშნულმა ცვლილებებმა ადვოკატის პროფესია გააძლიერა. ახლა, ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად დამატებით ცვლილებებზე ვმუშაობთ”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
კომიტეტის წევრებმა, ასევე განიხილეს ანგარიში ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონის უზენაესობის ახალ საფრთხეებზე და რეზოლუციის პროექტი მიიღეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ტერორიზმის საფრთხეებსა და ახალ გამოწვევებთან დაკავშირებით შესაბამის ანგარიშზე იმსჯელა.
დღის წესრიგის თანახმად, რამდენიმე საკითხთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით მომხსენებლები დაინიშნენ. ეს საკითხებია: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა მექანიზმებთან თანამშრომლობა – გამოწვევა ევროპის საბჭოში და მის წევრ ქვეყნებში; პერსონალურ მონაცემებზე ავტომატური წვდომისგან ინდივიდების დაცვის კონვენციაზე დამატებითი პროტოკოლის პროექტი; ექსტრადიციის მოთხოვნები და პროცესის ბოროტად გამოყენება; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება; ევროპის კავშირის მექანიზმის ჩამოყალიბება დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე და ფუნდამენტურ უფლებებზე; ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება ორგანიზებული დანაშაულის და ფულის გათეთრების სფეროში არსებული გამოწვევების გასამკლავებლად.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრები კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე მინისტრთა კომიტეტის პასუხებს გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები