მიხეილ ჯანელიძე: ევროკავშირთან დაახლოების პროცესი საქართველოს სიღრმისეული ინტეგრაციის ახალ პერსპექტივებს უხსნის
„დარწმუნებული ვართ ევროკავშირთან ყოვლისმომცველი დაახლოების პროცესი სიღრმისეული ინტეგრაციის ახალ პერსპექტივებს გაგვიხსნის”, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბუდაპეშტში „ვიშეგრადის ოთხეულისა” და „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების” საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა უნგრეთის თავმჯდომარეობას და, ზოგადად, ვიშეგრადის ქვეყნებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ურყევი მხარდაჭერისთვის. 2017 წლის 31 აგვისტოს ბუდაპეშტში გამართული პლენარული სესია მთლიანად დაეთმო „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ნოემბრის სამიტს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტი ახალ იმპულსს შესძენს „აღმოსავლეთ პარტნიორობას” და ხელს შეუწყობს პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული თანმშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ქვეყანა განაგრძობს საქართველო-ევროკავშირის ამბიციური დღის წესრიგის შესრულებას. „აღმოსავლეთ პარტნიორობამ” საქართველოს ბევრი რამ მისცა, აღნიშნული შედეგები კი ქვეყნისთვის ევროკავშირში სიღრმისეული ინტეგრაციის ახალ პერსპექტივებს ხსნის.
„ხვალ სამი წელი სრულდება ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებიდან. ჩვენ მართლაც ბევრი რამ მოგვცა „აღმოსავლეთ პარტნიორობამ” – წარმატებით მიმდინარეობს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების, ეკონომიკური და საბაზრო ინტეგრაციის პროცესი, ქართული პროდუქცია თავს იმკვიდრებს ევროპულ ბაზარზე, ევროკავშირი საქართველოსთვის გახდა ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, მზარდი დინამიკით გამოირჩევა ინვესტიციები, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილდებიან, საქართველო გაწევრიანდა ენერგოგაერთიანებაში და ა.შ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ევროკავშირთან ასეთი ყოვლისმომცველი დაახლოების პროცესი სიღრმისეული ინტეგრაციის ახალ პერსპექტივებს გაგვიხსნის. რა თქმა უნდა, ჩვენი საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა”, – აღნიშნა მინისტრმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირისთვის „აღმოსავლეთ პარტნიორობის” მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორები” მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროკავშირის ეკონომიკური, ენერგეტიკული თუ ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. „ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ თანამშრომლობას. საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგულია. ეს ჩვენი საერთო პროექტი და ფართო შესაძლებლობების ჩარჩოა. აღმოსავლეთ პარტნიორებისა და ევროკავშირის თანამშრომლობა ეს არ არის ცალმხრივი გზა”, – დასძინა მინისტრმა.
„ვიშეგრადის ოთხეულისა” და „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი.
მინისტერიალის ფარგლებში სამუშაო სესია დაეთმო ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხებს.