იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა – „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2016 წლის ანგარიშზე“ კომიტეტის დასკვნის პროექტს მხარი დაუჭირა.
საქართველოს მთავრობის ანგარიშზე დასკვნის პროექტში დადებითად არის შეფასებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შედეგად მიღწეული არსებითი პროგრესი.
კომიტეტის დასკვნაში, მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით, რამდენიმე რეკომენდაციაა ასახულია.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პირველი რეკომენდაციით, კომიტეტი მიმართავს საქართველოს პროკურატურას, რომ იმ საქმეებზე, რომელიც ამ ანგარიშშია წარმოდგენილი, გონივრულ ვადაში იქნეს მიღებული ყველა შესაძლო ზომა და ჩატარდეს სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება, ასევე, ის პირები, ვისი ბრალეული ქმედებაც გამოიკვეთება, მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
შემდეგი რეკომენდაციით, კომიტეტი, ევროპული სასამართლოს კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, რომ მითითებულ საქმეზე ჩატარდეს დროული, ეფექტური და სრულყოფილი გამოძიება და შედეგები ცნობილი გახდეს საზოგადოებისთვის, შემდგომი პრევენციის მიზნით.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ერთ-ერთი რეკომენდაცია უკავშირდება საქმეს – „ნწ. საქართველოს წინაღმდეგ“, რომელიც ბავშვთა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას ეხება.
ეკა ბესელიას განმარტებით, საქმე მიღებულია 2016 წლის 2 თებერვალს და ეხება შედარებით უფრო ადრინდელ პერიოდს. „ამ რეკომენდაციით საქართველოს მთვარობას მივმართავთ, რომ იმ ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, რომელიც მზრუნველობისა და მეურვეობის ორგანოს მუშაობაში შეიძლება იყო გამოვლენილი, მათ შორის ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის არასაკმარისი ჩართულობის კუთხით, მიზანშეწონილია მთავარობამ განსაზღვროს სამოქმედო გეგმა, რომელიც ორიენტირებული იქნება არსებული პრობლემების გადაჭრაზე და კონკრეტული პასუხისმგებლობის პირების გამოკვეთაზე“,-აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
კომიტეტის მორიგ რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ სასურველია მთავარ პროკურატურაში შეიქმნას შიდა სტრუქტურა, რომელიც უშუალოდ გაუწევს მონიტორინგს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ რამდენადაც საქართველოს ძალიან კარგი მაჩვენებელი და შეფასება აქვს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით, კარგი იქნება ამ საკითხისადმი მაქსიმალური ყურადღებისა და ძალების კონცენტრირებისთვის ასეთი შიდა სტრუქტურის შექმნაც“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ: „კომიტეტი მიესალმება იმ ფაქტს, რომ შედგა საქართველოს პარლამენტში შესული საკანონმდებლო ცვლილების 2283 მუხლის იმპლემენტაციის პირველი პრეცენდენტი 2017 წლის საგაზაფხულო სესიაზე.
კერძოდ, საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიში“.
დასკვნაში, ასევე ნათქვამია, რომ: „კომიტეტი ხაზს უსვამს საქართველოს პარლამენტისა და მის კომიტეტების პასუხისმგებლობას მიიღონ ყველა საჭირო ზომა საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით და ზედამხედველობა გაუწიონ ქვეყნის შიგნით ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესს, როგორც ეს გათვალისწინებულია ევროპის საბჭოს სხვადასხვა რეზოლუციითა და დეკლარაციით“.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კომიტეტის საქმიანობის წლიური ანგარიში დაამტკიცა, რომელიც 2016 წლის საშემოდგომო და 2017 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდს მოიცავს.
ანგარიში პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე იქნება წარდგენილი.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, კომიტეტის ანგარიშს, რომლის პრეზენტაციაც ერთი თვის წინ გაიმართა, აგვისტოს თვის სტატისტიკური მონაცემები დაემატა.
ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით, კომიტეტმა 57 სხდომა ჩაატარა და 63 საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა.
აქედან, 263 ძირითადი და გამომდინარე კანონპროექტებია, ხოლო 41 – საკანონმდებლო წინადადება. კომიტეტის და მისი წევრების მიერ ინიცირებული იყო 58 კანონპროექტი და 15 საკანონმდებლო პაკეტი.
„ძალიან საინტერესო ფორმატით დავიწყეთ ჩვენ საზედამხედველო საქმიანობა. ვიწყებთ ახალ პროექტებს. ვმუშაობთ რამდენიმე ცვლილებაზე. ექვსი სამუშაო ჯგუფია ახლა კომიტეტში. ამ ჯგუფებში ზადდება მართლმსაჯულების რეფორმის შემდეგი ეტაპი, ვმუშაობთ სისხლის სამართლის კოდექსის 136-ე მუხლის ცვლილებებზეც. ასევე, არის უწყებათშორისი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც სკოლამდელი განათლების რეფორმის მონიტორინგს ახორციელებს.
ახალი პროექტები მზადდება საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. ძალიან საინტერესო ახალი ფორმატები გვაქვს, რომელიც ეხება კომიტეტის როგორც საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას, ასევე ანგარიშვალდებულების და საჯაროობის ახალ სტანდარტებს“,-აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვას მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის მიზანია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ისეთი გაუთვალისწინებელი, მოულოდნელი ცდომილებებისას, როდესაც ზიანი ადგება მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და/ან ქონებას, მოხდეს მიყენებული ზიანის შემცირება და სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობისათვის უფრო მეტი დაცვის უზრუნველყოფა. ცვლილების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
შემოთავაზებული ცვლილების მიღებით, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიებები არ გავრცელდება საპრიზო ფონდზე – თანხაზე, რომლის მიღებაც აღიარებულია მომგებიანი ბილეთის მფლობელი პირის უფლებად.
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის რამდენიმე დებულებებით, კერძოდ:
· ერთის მხრივ, სპეციალური ნორმა კრძალავს საპრიზო ფონდის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვას, ხოლო მეორეს მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არაფერს ამბობს აღნიშნულის თაობაზე და შესაბამისად არ გამორიცხავს, თუნდაც თეორიულ დონეზე, ლატარიის ორგანიზატორის მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებას, რაც თავის მხრივ საჭიროებს საკანონმდებლო დონეზე შესწორების შეტანას;
· „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი კრძალავს საპრიზო ფონდის რაიმე ვალდებულებებით დატვირთვას, თუმცა ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (ყადაღა) თავისი შინაარსით არ წარმოადგენს ვალდებულებას, (არამედ აკრძალვას) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების განხორციელების გარეშე კანონისმიერი დანაწესის, კერძოდ – საპრიზო ფონდის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის აკრძალვის ჯეროვანი აღსრულება ვერ მიიღწევა.
შესაბამისად, ცვლილების უმთავრეს მიზეზს სწორედ მოცემული ნორმის ეფექტური ამოქმედება და კანონმდებლობის როგორც მატერიალური, ისე საპროცესო ნორმების ურთიერთშესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენს.
კანონპროექტის მიზანია, კანონმდებლობის უნიფიცირება და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში უკვე არსებული მიდგომის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ასახვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები