საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 281 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

დღეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 281 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. ფიცის დადების ცერემონიალი სოფელ შინდისში, 2008 წლის აგვისტოს გმირების მემორიალთან გაიმართა. ჯარისკაცებს საწყისი საბრძოლო მომზადების წარმატებით დასრულება და საქართველოს შეიარაღებული ძალების დიდ ოჯახში გაწევრიანება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიულოცეს და ქართულ ჯარში ღირსეული მსახური უსურვეს. ფიცის დადების შემდეგ, ღონისძიება დაჯილდოებით გაგრძელდა. ცენტრის საუკეთესო ინსტრუქტორს, კურსდამთავრებულებსა და საუკეთესო მსროლელს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. ფიზიკურ მომზადებაში საუკეთესო მაჩვენებლის მქონე სამხედრო მოსამსახურემ საპატიო სიგელი მიიღო. გამოვლინდნენ ყველაზე დისციპლინირებული კურსდამთავრებულებიც.
უფროსი სერჟანტის ზაზა ფერაძის სახელობის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტებმა საბრძოლო მომზადების სამთვიანი კურსი გაიარეს. კურსის განმავლობაში ისინი სადისციპლინო წესდებას, ტაქტიკას, საცეცხლე მომზადებას, სამხედრო ტოპოგრაფიასა და პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ.
ფიცის დადების ცერემონიას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ჯარისკაცების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ.
დღეიდან ისინი სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და ოთხწლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს გაივლიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები