ბორჯომის ტყის ტერიტორია, სადაც ხანძარი გაჩნდა, საპროექტო ფართობს წარმოადგენს – აღდგენითი სამუშაოები შემოდგომით იგეგმებოდა

ბორჯომის ტყის ტერიტორია, სადაც ხანძარი გაჩნდა, საპროექტო ფართობს წარმოადგენს და მასზე ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება მიმდინარე წლის საშემოდგომო სეზონზე იგეგმებოდა, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს.
სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 20 აგვისტოს ხანძარი გაჩნდა ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხანძრის კერა 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გადამწვარ ტყის ფართობზე – 2014-2017 წელს აღდგენილ ტერიტორიებსა და 2008 წლის ხანძარს გადარჩენილ ტყის მასივს შორის არსებულ ფართობზე წარმოიშვა.
ცეცხლის სწრაფად გავრცელება ძლიერმა ქარმა, რთულმა რელიეფურმა პირობებმა და ტერიტორიაზე არსებულმა ნახანძრალი მცენარეების, ბუჩქებისა და ბალახის სწრაფმა წვამ განაპირობა.
ღამის განმავლობაში ხანძრით მოცული ფართობი 5 ჰა-მდე გაიზარდა, თუმცა, მნიშვნელოვანი ზიანი ტყის მასივს არ მიუღია, ასევე, უსაფრთხოდაა 2014-2017 წლებში გაშენებული ნარგავებიც.
ტერიტორიაზე 2008 წლის ნახანძრალი ხე-ტყის არსებობა განპირობებულია ფართობის სპეციფიკური მდგომარეობით (მაღალი დახრილობის ფერდობები) და ტყის აღდგენის სამუშაოების წარმოებისას აღნიშნული ხე-ტყე გამოიყენება ეროზიასაწინააღმდეგო ბარიერების მოსაწყობად.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით მოხერხდა ხანძრის გავრცელების არეალის კონტროლი, ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში ჩართულია საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. რთული სამუშაო პირობების მიუხედავად, მეხანძრე-მაშველების კვალიფიციური და დროული ქმედების, ასევე მთელი ღამის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შედეგად მოხერხდა საფრთხის შემცირება და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის ცეცხლის კერამდე აყვანა. ტერიტორიაზე ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე 200-მდე მეხანძრე-მაშველი, მეტყევე და მოხალისე რჩება. ხანძრის სრულად ჩაქრობის შემდეგ სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ტერიტორიაზე მორიგეობას რამდენიმე დღის განმავლობაში გააგრძელებენ.
ხანძრის სრულად ლიკვიდაციის შემდეგ დაიწყება ტერიტორიის დეტალური შესწავლაც, რომლის დროსაც დაზუსტდება გარემოზე მიყენებული ზიანი და დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები.
აღსანიშნავია, რომ ცეცხლით მოცული ტერიტორია წარმოადგენს საპროექტო ფართობს და მასზე ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება მიმდინარე წლის საშემოდგომო სეზონზე იგეგმებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები