ილია ელოშვილი: ელექტროენერგიის ტარიფის მატება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, შესაძლოა, შემცირდეს, შესაძლოა – გაიზარდოს

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ელექტროენერგიის ტარიფის მატებას არ გამორიცხავს. როგორც მინისტრმა თემის კომენტირებისას მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, საკითხს საბოლოოდ სემეკი გადაწყვეტს, თუმცა ტარიფის ცვლილება  სხვადასხვა ფაქტორზე იქნება დამოკიდებული – მათ შორის, ლარის კურსზე და განხორციელებულ ინვესტიციებზე.
„მარეგულირებელი კომისია გადაწყვეტს და დაადგენს მეთოდოლოგიის მიხედვით საბოლოო ტარიფს. როცა ხდება გადახედვა, შესაძლებელია, რომ შემცირდეს, შესაძლებელია, გაიზარდოს. ეს არის ძალიან ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული – მათ შორის, განხორციელებულ ინვესტიციებზე, ლარის კურსზე და სხვადასხვა ფაქტორზე, რომელიც არის დასათვლელი და შესაფასებელი“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „თელასმა“ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით, სემეკ-ს გეგმური სატარიფო განაცხადით მიმართა.
კომპანია „თელასის“ სატარიფო განაცხადზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 18 აგვისტოს დაგეგმილ სხდომაზე იმსჯელებს.
გარდა „თელასისა“, კომისიას ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით, შპს „გარდაბნის თბოსადგურმა“, ელექტროენერგიის გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ტარიფების დადგენის მიზნით – „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის დადგენის მიზნით – „საქრუსენერგომ“ და ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით – „ვარდნილჰესების კასკადმა“ მიმართეს.
როგორც სემეკ-ში განმარტავენ, საუბარია ტარიფების ყოველწლიურ გეგმურ გადახედვაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები