საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს

0

2017 წლის 16 აგვისტოს, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, – კერძო სკოლებში ბავშვზე ძალადობის ფაქტებზე არსებული რეაგირების მექანიზმის არაეფექტურობის საკითხზე.
2017 წლის 5 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მომართა მოქალაქე ს.ჩ.-მ, თბილისის ერთ-ერთ კერძო სკოლაში მისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ პედაგოგისა და დირექტორის მხრიდან განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით.
აღნიშნული საკითხი შეისწავლა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა. ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმში იკვეთება, რომ ბავშვის მიმართ სავარაუდო ძალადობის შემთხვევის განხილვა არ განხორციელებულა დეტალურად და სიღრმისეულად.
ამასთან, ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმში არ არის მითითებული, დასტურდება თუ არა პედაგოგის ან დირექტორის მხრიდან ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტი და რა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები უნდა გატარებულიყო მოცემულ შემთხვევაში, რაც კერძო სკოლებში ქმნის ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევებზე არასათანადო რეაგირების პრობლემას.
გარდა ამისა, არ არის სათანადოდ შეფასებული რეაგირების მექანიზმი, ასევე, ის, თუ რა სახის პრევენციული ღონისძიებები გატარდა სკოლის მხრიდან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანების N167/ნ „მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ პირველი მუხლით განსაზღვრულია, რომ აღნიშნული ბრძანება ვრცელდება საჯარო სკოლებზე, ხოლო კერძო სკოლის მასწავლებელთა დისციპლინური გადაცდომის წესს განსაზღვრავს კერძო სკოლა. შესაბამისად, შინაგანაწესის გარდა არ არსებობს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს კერძო სკოლაში დისციპლინური დევნის პროცედურებს.
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და მისი უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიზნით, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში არსებობდეს ბავშვის ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან დაცვის მაღალი სტანდარტი. შესაბამისად, აღნიშნული რეკომენდაციის თანახმად, აუცილებელია განისაზღვროს კერძო სკოლებში ბავშვის უფლებადარღვევის ფაქტებზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი, სადაც კონკრეტულად იქნება გაწერილი მონიტორინგის ორგანოს ფუნქციები და პროცედურები ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხების მოკვლევის პროცესში; ასევე, გაიწეროს კერძო სკოლის პედაგოგთა და არასრულწლოვანთა დისციპლინური წარმოების წესი და პროცედურები, რაც უზრუნველყოფს კერძო სკოლებში ბავშვის უფლებადარღვევის ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ, პროპორციულ და სათანადო რეაგირებას.

კომენტარები

კომენტარი