საქართველოს სასაზღვრო ჯარების ყოფილი სარდალი ვალერი ჩხეიძე გარდაიცვალა

0

69 წლის ასაკში, საქართველოს სასაზღვრო ჯარების ყოფილი სარდალი, უშიშროების გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ჩხეიძე გარდაიცვალა.
ვალერი ჩხეიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე ავრცელებს.
„არ დამავიწყდება, სოხუმი უკვე მტრის ხელშია. მეთაურთან ვდგავართ რამდენიმე კაცი და მის გადაწყვეტილებას ველოდებით. გარშემო აურზაურია, ზოგი რა ტრანსპორტს აწყდება და ზოგი რას. ჩვენ არც ემოცია გვაქვს და არც ენერგია, რომ ეს “თავს უშველე” გავაჩეროთ: ორივე წინა დღეების ბრძოლებმა შეჭამა. ვიცით მხოლოდ, რომ ასე არ გავიქცევით, მანქანიდან სხვას არ გადმოვაგდებთ, ხელს არავის ვკრავთ, გზას არავის არ გადავუკეტავთ…
ამ დროს მოგვიახლოვდა. ცოტა მოულოდნელი იყო მისი გამოჩენა: თავდაცვის მინისტრის ყველა მოადგილე წასული იყო წინა დღით, ასე ვიცოდით. “შენ რატომ არ წახვედი?” ოდნავ გაკვირვებულმა ჰკითხა ყარყარაშვილმა. ვალერიმ გაიღიმა, როგორც იცოდა, და ძალიან მშვიდი ტონით მიუგო: ბ-ნო მინისტრო, თქვენ თორმეტი მოადგილე გყავთ, მე კიდევ – ერთი მინისტრი, რომელსაც ვერ დავტოვებ. არც დავუტოვებივართ და ორკვირიანი ჯოჯოხეთი ერთად გავიარეთ, ვიდრე კოდორის ხეობის კარს მივადგებოდით.
გუშინ, რომან გვენცაძის პანაშვიდზე სწორედ ეს გაგვახსენდა მე და გიას პირველი, როდესაც ვალერის გარდაცვალების ამბავი გვითხრეს….
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული, ერთგულო ჯარისკაცო, იძინე მშვიდად“, – წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე.
ვალერი ჩხეიძე 1948 წელს, ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში დაიბადა.
1972 წელს დაამთავრა პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი;
1982-1984 წლებში სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლეს სკოლაში.
1975 წლიდან მას სხვადასხვა მაღალი და საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა: სსრკ უშიშროების კომიტეტი. ეკავა სხვადასხვა თანამდებობები ოპერატიული რწმუნებულიდან — ქვეგანყოფილების უფროსამდე; საქართველოს შსს-ს სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის მოადგილე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე; საქართველოს სასაზღვრო ჯარების სარდალი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე;
1994 წლიდან ინიშნება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარედ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ 2004 წელს ის ინიშნება დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარედ, მალევე გვევლინება საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილედ და საგარეო დაზვერვის დეპატრამენტის დირექტორი.

კომენტარები

კომენტარი