საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გერმანიის ბუნდესტაგის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალური კავშირის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

0

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალური კავშირის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს, დოქტ. ფრანც იოზეფ იუნგს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ურთიერთობებში გამოკვეთილ მზარდ დინამიკას, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და მიმდინარე პრიორიტეტებს, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკას და ასევე, რეგიონალურ საკითხებს დაეთმო.

ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა გერმანელ პარლამენტარს გერმანიის ფედერალური მთავრობისა და პარლამენტის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თანამიმდევრული მხარდაჭერისათვის. მინისტრის მოადგილის შეფასებით, ბუნდესტაგის მიერ 2017 წლის 27 ივნისს მიღებული რეზოლუცია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისა და მასში მონაწილე ქვეყნების შესახებ, საქართველოს წინაშე და ზოგადად რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, გერმანიის მხრიდან მხარდაჭერის მკაფიო და უმნიშვნელოვანეს გამოხატულებას წარმოადგენს.

ამასთან, ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა ქართულ-გერმანული მეგობრობის წლის აღნიშვნის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ორ ქვეყანასა და ხალხს შორის კავშირ-ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.

ფრანც იოზეფ იუნგმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ  საქართველო რეგიონის ყველაზე წარმატებული ქვეყანაა დემოკრატიული განვითარების პროცესში მიღწეული შთამბეჭდავი წარმატების გათვალისწინებით. მან ქართულ მხარეს აგრეთვე გერმანიის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ დაუდასტურა. ამას გარდა, გერმანელმა პარლამენტარმა მზაობა გამოხატა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.

ბუნდესტაგის დეპუტატი 2017 წლის 14-დან 17 აგვისტოს ჩათვლით სტუმრობს თბილისს და შეხვედრებს მართავს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

 

კომენტარები

კომენტარი