აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიის თავისუფლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

0

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოში 2016 წელს, რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობაცაა მიმოხილული.
ანგარიშში ნათქვამია, რომ “კანონი და პოლიტიკა უპირატესობას ანიჭებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და აძლევენ ისეთ პრივილეგიებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სხვა რელიგიური ჯგუფებისთვის”.
„წლის განმავლობაში 19 საქმე იყო გამოძიებული, რომელიც შეიცავდა რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველის აპარატმა ამგვარი დანაშაულების ეფექტური გამოძიების ნაკლებობა დააფიქსირეს“, – აღნიშნულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მუსლიმთა პირველი სამლოცველო გაიხსნა, თუმცა მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს სამლოცველოები ციხეში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ რელიგიური და არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭოთა ეპოქაში სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეული შენობების დაბრუნებაში ფავორიტიზმით ქართული მართლმადიდებლური ეკლესია სარგებლობს. „რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა. „იეჰოვას მოწმეების“ წევრებმა ფიზიკური თავდასხმის 11 ფაქტი დააფიქსირეს“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩი და საელჩოს წარმომადგენლები რეგულარულად ხვდებიან მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელობას, პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, პრეზიდენტის მრჩეველს უმცირესობათა საკითხებში, რათა ხელი შეუწყონ დიალოგს მთავრობასა და უმცირესობის რელიგიურ ჯგუფებს შორის.

კომენტარები

კომენტარი