პრეზიდენტმა სტუდენტებსა და უფროსკლასელებს პროექტი: „წაიკითხე კონსტიტუცია მთელ საქართველოსთან ერთად” გააცნო

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბაზალეთის საზაფხულო სკოლაში სტუდენტებსა და უფროსკლასელებს პროექტი – “წაიკითხე კონსტიტუცია მთელ საქართველოსთან ერთად” გააცნო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებსა და უფროსკლასელებთან საუბრისას ყურადღება კონსტიტუციის ძირითად ღირებულებებსა და მათი დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა. საუბარი შეეხო საკონსტიტუციო პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობასაც.
საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას ასევე კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც 24 აგვისტოს აღინიშნება და პროექტზე -“წაიკითხე კონსტიტუცია მთელ საქართველოსთან ერთად”, რომელიც სტარტს დღეიდან იღებს.
ელექტრონული პროგრამის საშუალებით საქართველოს ყველა მოქალაქეს, სურვილისამებრ, შესაძლებლობა ექნება, ჩაწეროს ვიდეოფრაგმენტი საქართველოს მოქმედი კონსტიტუციიდან, რისთვისაც საჭიროა, მომხმარებელი შევიდეს ინტერნეტგვერდზე: www.constitution.ge და ჩაწეროს კონსტიტუციიდან ფრაზა, რომელსაც პროგრამა უკარნახებს.
აღნიშნული პროგრამით პირველმა სწორედ საქართველოს პრეზიდენტმა ისარგებლა.
კონსტიტუციის დღე კი 24 აგვისტოს ყოველწლიურად აღინიშნება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ადმინისტრაცია ამ დღეს ცდილობს საზოგადოების ფართო ჩართულობით სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებას, რისი მიზანიც 24 აგვისტოს საერთო-სახალხო დღედ ქცევაა.
ბაზალეთის საზაფხულო სკოლა პროექტის – “ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი” ფარგლებში ფუნქციონირებს, რომელსაც მოძრაობა “ინიციატივა” ახორციელებს. ფინანსურ მხარდაჭერას კი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები