ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარედ ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი იდენტიფიცირებულია – გარდაცვლილი ნიკა ბეგაძეა

0

დაქტილოსკოპიის შედეგად, ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ჰვითაში აღმოჩენილი მამაკაცის ცხედარი იდენტიფიცირებულია. 
თითის ანაბეჭდებისა და სტომატოლოგიური მონაცემების თანახმად, დადგინდა, რომ მდინარეში აღმოჩენილი მამაკაცი 22 წლის ნიკა ბეგაძეა.
როგორც „კვირას“ დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა გიგი გიგიაძემ განუცხადა, პოლიციამ მათ აცნობა, რომ, თითის ანაბეჭდებისა და სტომატოლოგიური მონაცემების თანახმად, პიროვნების ვინაობა დადასტურდა.
მისივე თქმით, გვამის აუტოფსიის (გამოკვლევისთვის) ჩასატარებლად აუცილებელი იქნება ოჯახის წევრების თანხმობის მიღება.
შეგახსენებთ, რომ თითქმის ერთთვიანი ძებნის შემდეგ, 19 ივლისს გაუჩინარებული საქართველოს მოქალაქე, ისლანდიაში, მდინარე ჰვითაში გარდაცვილილი იპოვეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნიკა ბეგაძე ვიდეოკამერებმა ბოლოს 19 ივლისს, გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს. ჩანჩქერისა და მდინარის ტერიტორიაზე პოლიციამ ნახა ავტომანქანა, რომელიც მის მეგობარ გოგონას ეკუთვნოდა, ასევე ნანახია მისი პირადი ნივთები და შუაზე გადატეხილი ტელეფონი.
რუსთაველი ნიკა ბეგაძე მეორე წელია ისლანდიაში, ქალაქ რეიკიანესბერგში ცხოვრობდა.
ნიკა ბეგაძე კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი – პროგრამისტი იყო, ის ისლანდიაში ქართველ მეგობრებთან ერთად საკუთარი ბიზნესის წამოწყებას გეგმავდა.

კომენტარები

კომენტარი