კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულები სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ

0

კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული ახალგაზრდები სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი სამხედრო მოსამსახურის, რიგითი შ.ლ -ს და კაპრალ ი.ბ-ს დაღუპვის გამო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს.
ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე მოხდა, როდესაც დათხოვნაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები არასამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ.
„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში, ასევე დათხოვნაში მყოფი კიდევ ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, რომლებიც ამჟამად “არამიანცის”, ინგოროყვას და ამტელის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანა ცენტრალური გზიდან სათადარიგო გზაზე გადავიდა, სადაც გზის მარჯვენა მხარეს არსებულ ხეებს შეეჯახა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების, რიგით შ.ლ-ს და კაპრალ ი.ბ-ს ოჯახებს უსამძიმრებს.
“მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ან მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია აწარმოებს“, -აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი