გიორგი მარგველაშვილი: შინდისის ბრძოლა აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია

0

„შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც შინდისის ბრძოლის 9 წლისთავს უკავშირდება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნებისმიერი მასშტაბის ბრძოლა შესაძლებელია მომავალი თაობებისთვის სამშობლოსადმი მსახურების გაკვეთილად გადაიქცეს.

„11 აგვისტოს სოფელ შინდისთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან. ქართველმა მებრძოლებმა წინააღმდეგობა ბოლომდე გასწიეს. 17 მათგანი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.

ეს დღე მაგალითია იმისა, რომ არ არსებობს პატარა და დიდი ბრძოლები, რადგან ნებისმიერი მასშტაბის ბრძოლა შესაძლებელია გმირობისა და თავდადების სიმბოლოდ, სამშობლოსადმი მსახურების გაკვეთილად გადაიქცეს მომავალი თაობებისთვის.

მთელ ქართულ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირთა ნათელ ხსოვნას“,-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი