მთაწმინდაზე ხანძრის შემდგომ დაზიანებული ფერდობი სპეციალისტებმა დაათვალიერეს

მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ინიციატივით, მთაწმინდაზე  ხანძრის შემდგომ დაზიანებული ფერდობი გარემოს ეროვნული სააგენტოს, სატყეო დეპარტამენტისა და  თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის სპეციალისტებმა დაათვალიერეს. შესაბამისი სამსახურები რეკომენდაციებს მერიის ეკოლოგიის სამსახურს შესთავაზებენ და შემდგომში ტყის საფარის აღდგენითი სამუშაოები დაიგეგმება.

როგორც გეოლოგმა აღნიშნა, ტერიტორიაზე მეწყრული პროცესის ფორმირება პრაქტიკულად გამორიცხულია.

,,ამ ტერიტორიაზე მეწყრული პროცესის ფორმირება პრაქტიკულად გამორიცხულია, შესაძლებელია, მხოლოდ ძალიან თხელ ფენაში განვითარდეს, რადგან აქ ნალექების ნარჩენი მცირე რაოდენობითაა’’, –  განაცხადა, ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგმა, შოთა ლობჟანიძემ.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა პროფესორის თქმით კი, ნიადაგიდან გამომდინარე, უნდა შეირჩეს ისეთი მერქნული მცენარეები, რომლებიც შეძლებენ, მოსული ნალექი შეითვისონ.

,,დღევანდელი მდგომარეობა არ არის საგანგაშო, ეს ტერიტორია სუბარიდული ზონაა და ნალექები ძალიან მცირე რაოდენობით არის. ჰაერის ტენიანობა ძალიან დაბალია, ამიტომ, პირველ რიგში, უნდა მოეწყოს სარწყავი სისტემა.  ნიადაგიდან გამომდინარე, უნდა შეირჩეს ისეთი მერქნული მცენარეები, რომლის ფესვთა სისტემაც ზედა ფენაში იქნება განლაგებული, რომ მოსული ნალექები შეითვისოს. ჩვენ შევისწავლით ტერიტორიას და შესაბამის რეკომენდაციებს დავდებთ‘’, – განაცხადა ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა პროფესორმა, ჯუმბერ ლომიძემ.

მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი 8 აგვისტოს გვიან ღამით გაჩნდა, რის შედეგადაც 2 ჰექტარ ტერიტორიაზე 200-მდე ძირი ხე დაიწვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები